ნორვეგია უკრაინას რვა M270-ს გადასცემს

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილ გრამმა ხუთშაბათს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარება გამოაცხადა. ამასთანავე, ნორვეგია დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამაში მონაწილეობას გაზრდის.

ამის შესახებ მან ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნორვეგიელმა მინისტრმა აღნიშნა, მისი სახელმწიფო უკრაინას სამხედრო დახმარებას დიდი ბრიტანეთის მიერ დაარსებული სპეციალური ფონდით უწევს.

"ნორვეგიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფონდში და ჩვენ უკრაინელი ჯარისკაცებს გადავამზადებთ, როგორც აქ, დიდ ბრიტანეთში, ასევე ნორვეგიაში. ამ ზაფხულიდან ნორვეგია გააორმაგებს ჩვენი ინსტრუქტორების რაოდენობას ოპერაცია Interflex-ში," - თქვა გრამმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ნორვეგია უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ საარტილერიო სისტემებს და რადარებს გადასცემს.

"ნორვეგია უკრაინას სამ Arthur-ის საარტილერიო რადარს და რვამდე სარაკეტო სისტემას გადასცემს. დახმარება გაერთიანებულ სამეფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიგზავნება," - თქვა მან.

M270-ის სარაკეტო სისტემებს სამიზნეების განადგურება დაახლოებით 80 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები