ოკუპანტები კვლავ ვერ ახერხებენ ბახმუტთან დამაკავშირებელი ბოლო გზის დაკავებას

ბახმუტის სატელიტური ფოტოები ჩანს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ოკუპანტებს თითქმის არანაირი წინსვლა არ ჰქონიათ ბახმუტისა და ჩასოვ იარის დამაკავშირებელ გზასთან.

ეს არის ორ ქალაქს შორის დამაკავშირებელი უკანასკნელი გზა, რომლის დაკავების გარეშეც ოკუპანტები ვერ შეკრავენ ალყას ქალაქის ირგვლივ. 

ბახმუტის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს ფინელი OSINT-მკვლევარი ემილ კასტეჰელმი. 

სატელიტური ფოტოების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე დონეცკის საოკუპაციო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ირწმუნებოდნენ, რომ მათი ძალები უკვე სრულად აკონტროლებდნენ გზას. 

უკვე რამდენიმე კვირაა ჩვკ ვაგნერისა და რუსეთის საჰაერო-სადესანტო  ძალები გაძლიერებული შემადგენლობით ცდილობენ სოფელ ხრომოვესთან დაწინაურებას, რაც მათ გზაზე საცეცხლე კონტროლის დამყარების საშუალებას მისცემდა. მკველვარის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში ბახმუტის ფრონტის ამ მონაკვეთზე ოკუპანტების არანაირი არსებითი წინსვლა არ ჰქონიათ. 

ამ მონაკვეთზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსალოდნელზე მეტ გამძლეობას და წარმატებულ თავდაცვას მკვლევრები კარგად მომზადებულ პოზიციებს და სანგრების სისტემას ფაქტორს უკავშირებენ. უმძიმესი საარტილერიო შეტევების და ურთულესი პირობების მიუხედავად, სოფელ ხრომოვესთან უკრაინის პოზიციები კვლავ გამოსადეგარია თავდაცვის გასაგრძელებლად. 

ბოლო ცნობებით, აღნიშნულ გზას გარნიზონის მომარაგების მიზნით უკრაინის შეიარაღებული უკვე საკმაოდ დიდი ხანია აღარ იყენებენ, რადგანაც ამ გზაზე გადაადგილება გაცილებით სარისკო გახდა. მიუხედავად ამისა ბახმუტისა და ჩასოვ-იარის გზა უკრაინისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა: თუ ოკუპანტები შეძლებენ გზაზე გასვლას, ამით საფრთხე შეექმნება მომარაგების სხვა მარშრუტებს, მათ მიეცემათ შეტევის გაშლის არეალი. სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბახმუტის დატოვება მოუწევთ. 

ემილ კასტეჰელმი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ დეტალზე: ერთ-ერთ სურათზე ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტყის მასივში მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. ჯერჯერობით რთული სათქმელია რა იწვის ამ მონაკვეთზე. 

კონტექსტი 

ბახმუტი მიმდინარე ომის ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლაა, რომელიც უკვე თითქმის 9 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიისთვის ვითარება სტრატეგიულად იანვრის დასაწყისში დასახლება სოლიდარის დაკარგვის შემდეგ გაუარესდა. 

სოლედარის დაკავებით, რუსებმა ბახმუტზე შეტევების არეა გაზარდეს. უკვე მრავალი თვეა რუსი პროპაგანდისტები და Z-ბლოგერები ბახმუტის 
"სწრაფ და გარდაუვალ" დაცემაზე საუბრობენ, თუმცა უკრაინელი მებრძოლები ამ დრომდე აგრძელებენ აქტიურ წინააღმდეგობას, როგორც გარეუბნებში, ასევე უშუალოდ ქალაქის ფარგლებში. 

ბოლო ცნობებით ოკუპანტები ბახმუტის დაახლოებით 2/3-ს აკონტროლებენ - უმძიმესი ბრძოლები გრძელდება რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე და დასავლეთ ნაწილში. 

დამოუკიდებელი წყაროების შეფასებით, ბახმუტში ორივე მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, მაგრამ ყველა წყაროს ცნობით, დანაკარგების თანაფარდობა უკრაინელების სასარგებლოდ მეტყველებდა. 

გასულ თვეში ნატოს წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო უწყებები იტყობინებოდნენ, რომ ბახმუტში დანაკარგების თანაფარდობა 5:1-ზეა უკრაინის სასარგებლოდა. 

 

მსგავსი სიახლეები