Проект: ასათიანის ოჯახის ბიზნესპარტნიორი ГРУ-ს უფროსის მოადგილის შვილია

საქართველოში აშენებული პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის, მაკა ასათიანის ოჯახის ბიზნესპარტნიორი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) უფროსის მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის შვილია. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული მედია Проект ავრცელებს - გამოცემა ამგვარ დასკვნამდე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მივიდა, რომელიც სრულად მომდევნო კვირებში გამოქვეყნდება.

  • საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობამდე სანავთობო ბიზნესით იყო დაკავებული მაკა ასათიანის შვილი პირველი ქორწინებიდან, კახი ჟორდანია.
     
  • გამოცემის ცნობით, 2016-2023 წლებში ჟორდიანი კომპანია Oil energy Group-ს ფლობდა, რომლის წლიური შემოსავალი 17.5 მილიარდ რუბლს აღწევდა. 

ჩაშლილად: 2018 წლიდან მოყოლებული კახი ჟორდანია კომპანია СДО Логистик-ის 25%-იან წილს ფლობს, კომპანია ნავთობის საავტომობილო გადაზიდვითაა დაკავებული. გასულ წელს კომპანიის მოგებამ 800 მილიონ რუბლს გადააჭარბა. 

  • ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი კი სერგეი ალექსეევია, რომელიც Проект-ის მონაცემებით რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილის, გენერალ ვლადიმირ ალექსეევის ვაჟია. 

  • საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე უმცროსი ალექსეევი მიხაილ გუცერიევის კუთვნილ რუსნეფტში მუშაობდა - Reuters-ის ინფორმაციით, სწორედ ეს კომპანია გახდა ასათიანის კუთვნილი ქარხნის პირველი მიმწოდებელი. 

დიდი სურათი: ვლადიმირ ალექსეევის ფიგურა ფართო წრეებისთვის ცნობილი ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული მარშის დროს გახდა. 

  • აჯანყებიდან რამდენიმე საათში ალექსეევმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ვაგნერის მებრძოლებს ეუბნებოდა, რომ მათი მოქმედებები ქვეყნისა და პრეზიდენტის ზურგში დანის ჩაცემის ტოლფასია. 

  • უკვე დილის საათებში ალექსეევის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, იუნუს-ბეკ ევკუროვთან ერთად ვაგნერის მიერ როსტოვში დაკავებული სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბის შენობის ეზოში გამოჩნდა. 

  • ცნობილ ვიდეოში ალექსეევი და ევკუროვი შტაბის ეზოში მდებარე ფანჩატურში ევგენი პრიგოჟინს ეკამათებიან. 

  • საყურადღებოა, რომ უმცროსი ალექსეევის ბიზნეს ინტერესები აქამდეც უკავშირდებოდა მამის საქმიანობას - ცნობილია, რომ 2024 წლის თებერვალში სირიის მოქალაქეებთან ერთად დაარსა კომპანია СМ АГРО. 

  • ამ დროისთვის ალექსეევი სირიაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის სადაზვერვო საქმიანობას ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი ვაჟის სირიელი ბიზნესპარტნიორი ასადთან დაახლოებული, მოჰამად ჯაბერი იყო. 

დაეწიე ამბავს: ყულევის ტერმინალთან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ასათიანის კომპანიამ Black Sea Petroleum-მა 2024 წელს დაიწყო. მშენებლობა რამდენიმე ეტაპით წარიმართება და საბოლოოდ პროცესი 3-4 წელში დასრულდება. 

  • კომპანიის მონაცემებით ქარხნის თავდაპირველი გადამამუშავებელი სიმძლავრე წლიურად 1.1 მილიონ ტონა იქნება. 

  • პროექტის საინვესტიციო ღირებულება 700 მილიონი დოლარის ფარგლებშია - პროექტის თანაინვესტორებს შორისაა "საქართველოს განვითარების სახელმწიფო ფონდი" - პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

კონტექსტი: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. 

  • S&P-ის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს საქართველომ რუსეთისგან 1.4 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი მიიღო, რომლის ღირებულაბემაც 1.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

მსგავსი სიახლეები