რუსეთი საკონსულო მომსახურების გაწევას არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსზე დაიწყებს

რუსეთის საელჩო კვიპროსში ემზადება კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილისთვის საკონსულო მომსახურების დასაწყებად, სადაც ჩრდილოეთ კვიპროსის არაღიარებული თურქული რესპუბლიკა არსებობს.

ამ ინფორმაციას ТАСС ავრცელებს.

კვიპროსში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქალაქ ნიკოსიის ჩრდილოეთ ნაწილში საკონსულო მომსახურება "უახლოეს მომავალში რეგულარულად" დაიწყება.

რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ საუბარია მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების მიერ კვიპროსის ჩრდილოეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე - ზოგიერთი შეფასებით, მათი რაოდენობა 50 ათასზე მეტია.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ზოგიერთ სახელმწიფოს - როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი - უკვე აქვს წარმომადგენლობითი ოფისები ჩრდილოეთ კვიპროსში (ყველა შემთხვევაში, საუბარია დიპლომატიური სტატუსის გარეშე ოფისებზე).

ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა თაჰსინ ერთუგრულუმ ტელეკომპანია TRT Haber-ს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიაზე საკონსულო მომსახურების გაწევა უკვე ერთი წელია განიხილება.

"რუსეთს ჩრდილოეთ კვიპროსში ოფისის გახსნა იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სურს, რათა მათ საკონსულო მომსახურება გაუწიოს. ჩვენ ვსაუბრობთ ოფისზე. ეს არ უნდა განიმარტოს, როგორც რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის აღიარება." - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები