რუსეთის მტკიცებით, უკრაინა "ორეშნიკით" დაიბომბა
9 იანვარს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე მასშტაბური იერიში მიიტანა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით გამოყენებული იქნა სარაკეტო ბალისტიკური კომპლექსი "ორეშნიკი".
ვითარების არსი: რუსული იერიშის შედეგად უკრაინის დედაქალაქში დაიღუპა 4 და დაშავდა 22 ადამიანი.
- დაღუპულთაგან ერთ-ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ხოლო დაშავებულთაგან რამდენიმე მედიკოსი და პოლიციის თანამშრომელია.
- გარდა ამისა, რუსეთმა სავარაუდოდ "ორეშნიკით" დაბომბა ლვივი.
- ლვივის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, მედიის ინფორმაციით ობიექტი გაზის მსხვილი საცავია. ამ ეტაპზე, დაღუპულთა შესახებ ცნობა არ არის.
სიღრმისეულად: ლვივზე იერიშიდან მცირე დროში, კრემლთან აფილირებულ მედიებში გაჩნდა ცნობა "ორეშნიკის" გამოყენების შესახებ.
- მოგვიანებით, ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
- "რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახმელეთო და საზღვაო ბაზირების, მაღალი სიზუსტის იარაღით, მათ შორის სარაკეტო კომპლექს "ორეშნიკით" და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე". - წერია უწყების განცხადებაში.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, "ორეშნიკი" გამოყენებული იქნა 2025 წლის 25 დეკემბრის იერიშის საპასუხოდ.
- 2025 წლის 25 დეკემბერს, რუსეთის მტკიცებით უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში მდებარე, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე იერიშის მიტანა სცადა.
- პუტინის რეზიდენციაზე იერიშის მცდელობას ოფიციალური კიევი უარყოფს.
- მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის არ სჯერა.