ბერლინის შედეგები - პროგრესი გარანტიებზე და ტერიტორიების გადაუწყვეტელი საკითხი

გასული 2 დღის განმავლობაში ბერლინში, ამერიკელი, უკრაინელი და ევროპელი მაღალჩინოსნების მონაწილეობით მიმდინარე ინტენსიური მოლაპარაკებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე მკაფიო პროგრესით დასრულდა, თუმცა გადაუწყვეტელი რჩება ტერიტორიების საკითხი. 

ვითარების არსი: ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცდილობენ სწრაფად შეათანხმონ გარიგების პარამატრები უკრაინასთან და რაც შეიძლება სწრაფად წარუდგინონ განახლებული დოკუმენტი კრემლს. 

  • გასული კვირების განმავლობაში უთანხმოების მთავარი საკითხები უსაფრთხოების გარანტიებსა და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კონფლიქტის გაყინვის ხაზებს უკავშირდებოდა. 

  • შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გამოსულმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ მხარეები სწრაფად უახლოვდებიან შეთანხმებას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ნატოს მეხუთე მუხლზე. 

  • პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელმაც გასული 2 დღის განმავლობაში ტრამპის ემისრებთან თითქმის 10 საათი დაჰყო, განაცხადა, რომ ტერიტორიების საკითხზე თანხმობა ჯერ არ არსებობს. 

სტრიქონებს შორის: ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითვალისწინებს - უკრაინული OSINT-პროექტის Deep State-ის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ დრომდე აკონტროლებენ დონეცკის ოლქის 22%-ს. 

  • დასავლური მედიის ცნობით, ტრამპის წარმომადგენლები ასევე განიხილავენ ე.წ. დემილიტარიზებული ზონის იდეას, რომელშიც არც რუსი სამხედროები იქნებიან და არც უკრაინელები. 

  • ამ იდეის კომენტირებისას ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის დონეცკის ოლქის იმ ნაწილებში საიდანაც უკრაინული არმია გავა, არა შეიარაღებული ძალები, არამედ პოლიცია და როსგვარდია შეიყვანოს. 

  • როსგვარდია პირველივე დღიდან აქტიურად მონაწილეობას რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში და საომარ მოქმედებებში. 

  • დემილიტარიზებული ზონის ორგანიზებას სკეპტიკურად გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი - მისი თქმით, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინული ჯარების გაყვანის შემთხვევაში რუსული არმია არ დაიკავებს ამ დასახლებულ პუნქტებს. 

  • ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, თეთრი სახლი არ ახდენს ზეწოლას კიევზე ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათ მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებსაც კონკრეტული ვადა აქვს და "ყოველთვის არ იქნება მაგიდაზე." 

ჩაშლილად: უკრაინულ დელეგაციასთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ევროპელ ლიდერების მიწვევით საქმიან სადილს შეუერთდნენ - სადილის მიმდინარეობისას გაიმართა სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპთან. 

  • ჟურნალისტებთან ურთიერთობებისას ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან ხანგრძლივი და კარგი საუბარი ჰქონდა. 

  • "როგორც ჩანს მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, ვფიქრობ ომის დასრულებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე"- განაცხადა ტრამპმა. 
  • ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, უკრაინასთან უკვე შეთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმების 90%-ზე. 

უახლესი ამბავი: გამოცემა Axios-ის ცნობით, აშშ-სა და უკრაინის მოლაპარაკებები მომდევნო უქმეებზე, სავარაუდოდ მაიამიში განახლდება. 

  • სავარაუდოა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო მაღალჩინოსნები და წარმოდგენილი იქნება რუკებიც, რადგანაც განხილვის მთავარი თემა კვლავ ტერიტორიების საკითხია.

ინტრიგა: ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ევროპელები და უკრაინელები გაკვირვებულები დარჩნენ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მოქნილობით. 

  • ევროპელებისთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა ამერიკელების თავდაჯარება, რომ კრემლი თანახმა იქნებოდა უკრაინისთვის ასეთ მძლავრი უსაფრთხოების გარანტიებზე. 

  • "პრეზიდენტ ტრამპს სჯერა, რომ უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებზე პუტინს დაითანხმებს"- ამბობს წყარო. 

  • წყარო ადასტურებს, რომ საუბარია იურიდიულად სავალდებულო გარანტიებზე, რომელსაც სენატი დაამტკიცებს. 

  • ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტამდე საჭიროა შეიქმნას დეტალური წარმოდგენა თუ კონკრეტულად როგორ იმუშავებს უსაფრთხოების ახალი გარანტიები, თუმცა მისივე თქმით, "უკრაინა ახლოსაა ნამდვილად ძლიერ გარანტიებთან"

დიდი სურათი: ამერიკული ადმინისტრაციის მიდგომაა, რომ მათ მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა უკრაინას ქმედით და ძლიერ უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, ასევე დააჩქარებს მის გაწევრიანებას ევროკავშირში და დააფინანსებს უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას, თუმცა ამ ყველაფრის საფასური მტკივნეული ტერიტორიული დათმობებია. 

  • მეორეს მხრივ, რუსეთი პრაქტიკულად დაიკანონებს დაპყრობილ ტერიტორიებს, გაუქმდება ეკონომიკური სანქციები და მოსკოვი დაბრუნდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიან წევრად. 

  • ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი იქნება დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე ვლადიმირ პუტინის რეაქცია - კრემლში აცხადებენ, რომ არ უნახავთ განახლებული გეგმა, მაგრამ სავარაუდოა, რომ მასში "ბევრი მიუღებელი ფორმულირება იქნება." 

მსგავსი სიახლეები