აშშ-მა როდრიგესს ოთხი მოთხოვნა წაუყენა, რომელთა შესრულებაზეც მადურომ უარი თქვა - Politico

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს, ოთხი მოთხოვნა წაუყენა, რომელთა შესრულებაზეც ნიკოლას მადურომ უარი თქვა. ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ვითარების არსი: როდრიგესისგან ელიან, რომ ის მიიღებს ზომებს ნარკოტრაფიკის აღსაკვეთად და ვენესუელიდან გააძევებს "ვაშინგტონისადმი მტრულად განწყობილ აგენტებს," მათ შორის ირანიდან და კუბიდან.

  • გარდა ამისა, ვაშინგტონი როდრიგესისგან ითხოვს აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტას და ვენესუელაში თავისუფალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობას. საბოლოო ჯამში, ტრამპის ადმინისტრაცია მოელის, რომ როდრიგესი გადადგება.
  • პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად როდრიგესისთვის კონკრეტული ვადები არ დაუწესებიათ. თუმცა, ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ვენესუელაში ახალი პრეზიდენტის ასარჩევად არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, სანამ ქვეყანაში "წესრიგი არ დამყარდება."

სტრიქონებს შორის: Politico წერს, რომ დელსი როდრიგესი ნიკოლას მადუროს დიდი ხნის მხარდამჭერი და სოციალისტური შეხედულებების მიმდევარია. მიუხედავად ამისა, როგორც გამოცემის წყაროები ამტკიცებენ, ვაშინგტონში დარწმუნებული არიან, რომ ის აშშ-ის მოთხოვნებს შეასრულებს.

  • გარდა ამისა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები ნავთობკომპანიების აღმასრულებელ დირექტორებთან პირველ ოფიციალურ სატელეფონო საუბრებს გეგმავენ, რათა მათ ვენესუელის დასუსტებული ნავთობის ინდუსტრიის აღორძინებისკენ მოუწოდონ.
  • თუმცა, ბაზრის ანალიტიკოსებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, კომპანიების ხელმძღვანელები კვლავ სიფრთხილით ეკიდებიან სოციალისტების მიერ მართულ ქვეყანაში შესვლას. ამას ემატება ათწლეულების განმავლობაში ნაციონალიზებული ნავთობის საბადოების უყურადღებოდ მიტოვება.
  • ანალიტიკურმა კომპანიამ Rystad Energy-მ განაცხადა, რომ ვენესუელის ნავთობმოპოვების დაბრუნებას მისი წარსულში არსებულ ნიშნულამდე (დღეში 3 მილიონი ბარელი), ნაცვლად ამჟამინდელი 1 მილიონისა, მინიმუმ 183 მილიარდი დოლარი და ათ წელზე მეტი დრო დასჭირდება.

დიდი სურათი: დონალდ ტრამპის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ვენესუელის საკითხებში, ელიოტ აბრამსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი "აზვიადებს" კომპანიების დაბრუნების ალბათობას: "პრეზიდენტი თითქოს მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილებას ის მიიღებს, მაგრამ ეს ასე არ არის — გადაწყვეტილებას ამ კომპანიების დირექტორთა საბჭოები მიიღებენ."

  • მან აღნიშნა, რომ კომპანიები პოლიტიკური თვალსაზრისით იტყვიან, რომ ეს "ფანტასტიკური შესაძლებლობაა," თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი რეალურად განახორციელებენ ინვესტიციებს.

მსგავსი სიახლეები