გარდაიცვალა ოლდრიჯ ეიმსი, ყველაზე დიდი ზიანის მომტანი ჯაშუში СIA-ის ისტორიაში
84 წლის ასაკში, კამბერლენდის ფედერალურ ციხეში გარდაიცვალა ოლდრიჯ ეიმსი - ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი ჯაშუში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (СIA) ისტორიაში.
ვითარების არსი: ეიმსის მისჯილი ჰქონდა სამუდამო პატიმრობა შეწყალების უფლების გარეშე.
- ეიმსის კარიერა СIA-ში 1971 წლიდან დაიწყო და 1994 წლამდე გაგრძელდა - ამავე წლის 28 აპრილს ეიმსმა აღიარა, რომ 1985 წლიდან ფულის სანაცვლოდ ნებაყოფლობით მუშაობდა ჯერ საბჭოთა КГБ-სთვის, ხოლო შემდეგ რუსეთის საგარეო დაზვერვისთვის (СВР).
წინარეისტორია: ეიმსმა საბჭოთა დაზვერვას მისცა ინფორმაცია 100-ზე მეტ ფარულ ოპერაციაზე და გასცა 30-მდე ამერიკული და სხვა დასავლური დაზვერვების აგენტების ვინაობა სოციალისტურ ბანაკსა და უშუალოდ საბჭოთა კავშირში.
- ამერიკული დაზვერვის ისტორიკოსებო მიიჩნევენ, რომ ეიმსი ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე დიდი ზიანის მომტანი ჯაშუში იყო.
- ეიმსმა გასცა სულ ცოტა ამერიკელების მიერ გადაბირებული სულ ცოტა 10 აგენტი საბჭოთა КГБ-ის რიგებში - თითოეული მათგანი მალევე დახვრიტეს.
- საბჭოთა დაზვერვაში მას მინიჭებული ჰქონდა კოდური სახელწოდება LUYDMILA, თუმცა მოგვიანებით თავად ეიმსის თხოვნით კოდური სახელი KOLOKOL-ით შეიცვალა.
- დღემდე ეიმსი მიიჩნევა ყველაზე ფასეულ აგენტად, ვინც კი ოდესმე ჰყოლია საბჭოთა თუ რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო უწყებებს ამერიკულ სადაზვერვო სამსახურებში.
ჩაშლილად: КГБ-სთვის მუშაობა ეიმსი ნებაყოფლობით ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად დაიწყო და პირველივე შეხვედრაზე თავისი "კეთილსინდისიერების" დასამტკიცებლად მათ რამდენიმე ფასეული აგენტის ვინაობა გადასცა, რის სანაცვლოდ 50 ათასი დოლარი მოითხოვა.
- ოლდრიჯ ეიმსი ამ დროისთვის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საბჭოთა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა.
- მოგვიანებით ის გახდა იტალიაში СIA-ის რეზიდენტი, ხოლო კარიერის მიწურულს იკავებდა ანტინარკოტიკული ცენტრის უფროსის პოსტს, ამ სტატუსში ეიმსი 1993 წელს საქართველოსაც ეწვია.
- ჯამურად საბჭოთა დაზვერვაზე მუშაობის წლებში ანაზღაურების სახით 1 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, მისივე თქმით, დაახლოებით 2 მილიონი დოლარი იყო გადადებული მისთვის მოსკოვში.
ეიმსის მიერ გაცემული ყველაზე ფასეული ამერიკელი აგენტების მცირე ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:
დმიტრი პოლიაკოვი: საბჭოთა დაზვერის მთავარი სამმართველოს (ГРУ) გენერალი, კოდური სახელი TOPHAT - მიიჩნევა ყველაზე პროდუქტიულ და მაღალი თანამდებობის აგენტად, ვინც კი ოდესმე ყოლია ამერიკულ დაზვერვას საბჭოთა კავშირში. პოლიაკოვი ამერიკელებისთვის 1961 წლიდან ჯაშუშობდა, ამ დროის განმავლობაში იკავებდა საკვანძო თანამდებობებს ინდოეთში, ბირმასა და მოსკოვში, ГРУ-ს აკადემიაში. დახვრიტეს 1988 წელს მოსკოვში.
ოლეგ გორდიევსკი: КГБ-ს პოლკოვნიკი და რეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გაერთიანებულ სამეფოში, კოდური სახელი TICKLE - საყურადღებოა, რომ პოლიაკოვი სწორედ ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის აგენტი იყო, ბრიტანელები აწვდინენ გორდიევსკისგან მიღებულ ინფორმაციას ამერიკელ კოლეგებს, თუმცა არ უზიარებდნენ მის ნამდვილ ვინაობას. გორდიევსკის ვინაობის დადგენა СIA-მ ცალკე გამოძიების ფარგლებში შეძლო. მიიჩნევა, რომ გორდიევსკიც და პოლიაკოვიც ეიმსმა საბჭოთა დაზვერვასთან პირველივე შეხვედრაზე გასცა. პოლიაკოვისგან განსხვავებით ბრიტანელებმა შეძლოს გორდიევსკის ექსფილტრაცია მოსკოვიდან - გორდიევსკი ინგლისში 2023 წელს გარდაიცვალა.
ლეონიდ პოლეშჩუკი: КГБ-ს პოლკოვნიკი, კოდური სახელი WEIGH - მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველა ფასეულ აგენტად საბჭოთა დაზვერვის აფრიკის დეპარტამენტში, დახვრიტეს მოსკოვში 1986 წელს.
გენადი ვარენიკი: КГБ-ს ვიცე-პოლკოვნიკი, კოდური სახელი FITNESS - მიიჩნეოდა ამერიკული დაზვერვის ფასეულ აგენტად, რომლისგანაც იღებდნენ ინფორმაციას საბჭოთა დაზვერვის აქტივობებზე დასავლეთ გერმანიაში, დახვრიტეს მოსკოვში 1987 წელს.
ვალერი მარტინოვი: КГБ-ს ვიცე-პოლკოვნიკი, კოდური სახელი Gentile - მუშაობდა ვაშინგტონის რეზიდენტურაში, თუმცა მისი ვინაობა ეიმსმა მალევე გასცა, დახვრიტეს მოსკოვში 1987 წელს.
სერგეი მოტორინი: КГБ-ს მაიორი, კოდური სახელი GAUZE - მუშაობდა ვაშინგტონის რეზიდენტურაში, თუმცა მარტინოვის მსგავსად მისი ვინაობაც ეიმსმა მალევე გასცა, დახვრიტეს მოსკოვში 1987 წელს.
დაეწიე ამბავს: 1980-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირში ფასეული აგენტების დროის მოკლე მონაკვეთში დაკარგვის მიზეზის დასადგენად СIA-ში მასშტაბური გამოძიება დაიწყო, თუმცა წლების განმავლობაში ვერ მოხერხა მიზეზის დადგენა.
- "თხუნელის" გამოსავლენად სააგენტოს რამდენიმე წელი დასჭირდა, ძალისხმევას ეიმსის უახლოესი კოლეგები ჯინ ვერტეფეი და სანდი გრაიმსი ხელმძღვანელობდნენ.
- კოლეგების ყურადღება ეიმსის ხელფასთან შეუსაბამოდ მდიდრულმა ცხოვრების წესმა მიიქცია, რის შემდეგაც დაიწყეს მისი საბანკო ანგარიშების კვლევა და აღმოჩნდა, რომ ეიმსის დეპოზიტებზე თანხების შეტანის თარიღი ემთხვეოდა სააგენტოს მიერ სანქცირებულ კონტაქტის თარიღებს საბჭოთა აგენტებთან.
- როგორც კონტრდაზვერვის უფროსს ეიმს ჰქონდა უფლება რეგულარულად შეხვედროდა საბჭოთა დაზვერვის წარმომადგენლებს - მიიჩნეოდა, რომ ის მათი რეკრუტირებით უნდა დაკავებულიყო, როდესაც სინამდვილეში ეიმსი ორმაგ აგენტად მუშაობდა.
- გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ეიმსი 1994 წლის 21 თებერვალს დააპატიმრა, მან მალევე აღიარა დანაშაული.