რუსი ოფიცერი ლიეტუვაში გაიქცა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტმა ივან კოროლევმა ლიეტუვის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ამის შესახებ 11 აგვისტოს, BBC-ის რუსული სამსახური წერს, რომელსაც თავად კოროლევი დაუკავშირდა.

"3 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის დატოვება იმის გამო გადავწყვიტე, რომ არ მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ჩემი სახელმწიფოს მიერ გაჩაღებულ სისხლიან ომში. ამჟამად ვარ ლიეტუვის რესპუბლიკაში, სადაც ვითხოვე პოლიტიკური თავშესაფარი." - განუცხადა მან BBC-ს.  

მისი თქმით, მან მონაწილეობა მიიღო ომში, მაგრამ "მთელი ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე."

"მე არ ვყოფილვარ უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ რუსული ჯარებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებით ვიყავით დაკავებული. ჩვენ საბრძოლო მასალა მთელი რუსეთიდან ვიღებდით, ყველა ქვედანაყოფიდან, ყველა არსენალიდან და ვურიგებდით ბრიგადებს, ქვედანაყოფებს პირდაპირ უკრაინაში." - თქვა მან.

კოროლევმა ვილნიუსში ჩასვლა მოახერხა, სადაც ის ლიეტუველმა მესაზღვრეებმა დააკავეს. ამის შემდეგ ის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააბრუნეს, სადაც კიდევ ერთი დღე დარჩა. მისი თავშესაფრის განაცხადი განსახილველად მიიღეს, რის შემდეგაც ის გაგზავნეს პაბრადის მიგრაციის ცენტრში.

მსგავსი სიახლეები