სერბეთის პრეზიდენტი: ჩვენ საბოლოოდ ავირჩიეთ დასავლური გზა

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, სერბეთი დასავლეთში ინტეგრაციით უფრო გაძლიერდება, მაგრამ ამის მიუხედავად არ დაკარგავს აღმოსავლეთით მდებარე მეგობრებს. 

თავის გამოსვლაში ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მეტყველებს, რომ სერბების უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია, თუმცა იქვე განმარტა, რომ "სერბეთის პრეზიდენტის სამსახური საზოგადოებრივი აზრისთვის კვერის დაკვრა არ არის." 

"ჩვენი ვალდებულებაა მოვისმინოთ ხალხის ხმა, მაგრამ ამავდროულად ვაკეთოთ ის, რაც უკეთესია ქვეყნისთვის",- ამბობს ვუჩიჩი. 

სერბეთის პრეზიდენტი ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკურ დამოკიდებულებას ევროკავშირზე - ვუჩიჩის თქმით, ევროკავშირთან ვაჭრობა მთლიანი მოცულობის 60%-ს შეადგენს, გარდა ამისა დაახლოებით 300 ათასი სერბი დასაქმებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კომპანიებში. ასევე, ინვესტიციების უდიდესი ნაწილი სწორედ ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებზე მოდის. 

"მე მესმის, რატომ არის გაბრაზებული ჩვენი ზოგი მოქალაქე - ისინი ბრაზდებიან იმიტომ, რომ ხედავენ როგორ ახდენს ზეწოლას ჩვენზე ევროკავშირი კოსოვოსა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხში. ჩემი გზავნილი დღეს ის არის, რომ სერბეთი ევროპულ გზას ადგას, რომ სერბეთი გააგრძელებს ამ გზაზე სვლას და რომ სერბეთი იბრძოლებს საკუთარი ადგილისთვის ევროპელ ხალხთა ოჯახში", - ამბობს ვუჩიჩი. 

სერბეთის პრეზიდენტის განცხადება თავდაცვის მინისტრის სიტყვებს მოჰყვა. ალექსანდ ვულინმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ბელგრადს ბომბავდნენ არ აქვთ მორალური უფლება სერბეთს მოსთხოვონ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე შეერთებას. 

სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა, რაც გარკვეულ დონეზე ევროკავშირთან საკუთარი საგარეო პოლიტიკის შეთანხმებას და კოორდინაციას ითვალისწინებს. 

მიუხედავად ამისა, ქვეყანა არ შეუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რამაც ბრიუსელის მხრიდან მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. 

მსგავსი სიახლეები