შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში აშშ-ს რუსეთისთვის ახალი სანქციები აქვს მზად
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილ სამშვიდობო შეთანხმებაზე კრემლის უარის შემთხვევაში ვაშინგტონს მზად აქვს სანქციების ახალი პაკეტი.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს - საუბარია სანქციებზე რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ.
- წყაროების ცნობით, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოება.
- ასევე, შესაძლოა ამერიკამ სანქციები დაუწესოს ტრეიდერებს, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობენ.
- წყაროების ცნობით, ახალი ზომების შესახებ ვაშინგტონმა შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირაში გამოაცხადოს.
დიდი სურათი: არსებული ცნობების მიხედვით, ამერიკის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა უკვე განიხილა საკითხი ევროპელ ელჩებთან მიმდინარე კვირის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე.
- ამასთანავე წყაროები ხაზს უსვამენ, რომ სანქციებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და ყველაფერი დამოკიდებული იქნება დონალდ ტრამპის პოზიციაზე.
კონტექსტი: ახალი სანქციების განხილვა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ინტენსიური სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე მიმდინარეობს.
- ბოლო ასეთი შეხვედრა ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის რამდენიმე დღის წინ ბერლინში გაიმართა.
- გერმანიაში გამართული მრავალმხრივი შეხვედრის შედეგები მხარეებმა დადებითად შეაფასეს - ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ისინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების 90%-ზე შეთანხმდნენ, თუმცა გადაუწყვეტელი რჩება ტერიტორიული საკითხი.
- კრემლში აცხადებენ, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ განახლებული გეგმა, თუმცა სკეპტიკურად აფასებენ მის შინაარსს და ამბობენ, რომ სავარაუდოდ მასში ბევრი მიუღებელი პუნქტი იქნება.
სიღრმისეულად: თავის მეორე საპრეზიდენტო ვადაში რუსეთის წინააღმდეგ პირველი სანქციები დონალდ ტრამპმა 22 ოქტომბერს ქვეყნის უმსხვილესი სანავთობო კომპანიების წინააღდეგ დააწესა.