სირსკი: ბახმუტის ტაქტიკურ ალყაში მოქცევას ვუახლოვდებით

უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ბახმუტის ნაწილის დაცვას და გარეუბანში, ფლანგებზე წინ მიიწევენ. ამის შესახებ 21 მაისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვაკონტროლებთ ბახმუტის მცირე ნაწილს, მისი თავდაცვის მნიშვნელობა არ კარგავს აქტუალობას. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, შევიდეთ ქალაქში", - განაცხადა სირსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ეს "აუცილებლად მოხდება."

"ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას ფლანგებზე ბახმუტის გარეუბანში და ფაქტობრივად ვუახლოვდებით ქალაქის ტაქტიკურ ალყას. ამით ჩვენ შევძლებთ მტრის მიერ დაკავებული ყველა მაღალსართულიანი შენობის კონტროლს და თანდათანობით განადგურებას. ეს მტერს ართმევს კონტროლს ქალაქის მისადგომებზე და გვაძლევს გარკვეულ ტაქტიკურ უპირატესობას", - განმარტა სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მეთაურებთან განიხილა თავდაცვის ძალების ქმედებები და "მტრის განადგურების ტაქტიკა." მისი თქმით, "სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება."

მსგავსი სიახლეები