სირსკი: უკრაინა შეტევით ოპერაციებს ამზადებს, მობილიზაცია გაუმჯობესდა, დანაკარგები კი შემცირდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა 2026 წელს, სხვა გეგმებთან ერთად, შეტევით ოპერაციებსაც გეგმავს. მისივე თქმით, მობილიზაციისა და ჯარების დაკომპლექტების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უკეთესია, ვიდრე 7 თვის წინ იყო, ხოლო დანაკარგების დონე 13%-ით შემცირდა.

ვითარების არსი: ამის შესახებ მთავარსარდალმა გამოცემა LB.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

რა თქვა: „მტრის გლობალურ გეგმებს თუ ავიღებთ, ისინი არ შეცვლილა - ეს მთელი უკრაინაა. შეტევითი მოქმედებების ყველა მიმართულებაც იგივე რჩება, იცვლება მხოლოდ ვადები, შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის რაოდენობა. დანარჩენი ყველაფერი ძველებურადაა, ანუ ისინი მიჰყვებიან თავიანთ გეგმებს" - განაცხადა გენერალმა

  • ჩვენ ჩავატარებთ სტრატეგიულ თავდაცვით ოპერაციას, თუმცა გვესმის, რომ მხოლოდ თავდაცვით გამარჯვებას ვერ მოიპოვებ. შესაბამისად, ჩვენ განვახორციელებთ შეტევით ოპერაციებს და ვიბრძოლებთ ოპერატიული ინიციატივის შესანარჩუნებლად, რადგან ეს აიძულებს მტერს, ჩართოს და მოხსნას მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი, შეიარაღება და საბრძოლო მასალა ჩვენი აქტიური მოქმედებების შესაკავებლად“.

სირსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს „ასიმეტრიული მოქმედებების პრაქტიკას“, რომელმაც თავი შესანიშნავად გამოიჩინა.

  • მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინამ დაკომპლექტებისა და მობილიზაციის საკითხებში წარმატებას მიაღწია. „რისი თქმა შემიძლია: ამ საკითხში ბევრად უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, ვიდრე, ვთქვათ, შვიდი თვის წინ გვქონდა“, - აღნიშნა მან.
  • სირსკის თქმით, ეს შედეგი გამოიწვია „ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრების მუშაობის გაუმჯობესებამ მეთაურებთან მიმართებით და თავდაცვის ძალების ყველა შემადგენელი ნაწილის მუშაობამ - როგორც ნაწილების დაკომპლექტების პროცესის უზრუნველყოფის, ისე მომზადებისა და ხალხთან მუშაობის კუთხით.
  • "ჩვენ გვესმის, რომ პრობლემები პირველ რიგში იქ ჩნდება, სადაც მობილიზებული ადამიანების მიმართ ნორმალური, ადამიანური დამოკიდებულება არ არის“.
  • „ჩვენ გვაქვს სტაბილური მაჩვენებლები სწორედ იმ რაოდენობის პირადი შემადგენლობის მიღებაში, რასაც, მაგალითად, ერთი თვის განმავლობაში ვგეგმავდით. ეს ერთი. და მეორე, ასეთივე პრიორიტეტული მიმართულებაა - ნაწილების თვითნებურად მიტოვების (დეზერტირობის) დონის შემცირება. ეს მოგვცემს დამატებითი სამხედრო მოსამსახურეების მიღებისა და მობილიზაციის მხრივ დატვირთვის შემცირების შესაძლებლობას“.

დეტალები: სირსკიმ ასევე განაცხადა, რომ 2025 წელს უკრაინის ჯარების დანაკარგების რაოდენობა 13%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგის დანაკარგების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

  • „მინდა აღვნიშნო, რომ ორი წლის განმავლობაში - 2024-სა და 2025-ში - მტრის დანაკარგებმა 850,000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა. იგულისხმება ყველა დანაკარგი - როგორც დაღუპულები, ისე დაჭრილები. ეს საბრძოლო მოქმედებების ეფექტურობაზე მეტყველებს“ - დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები