ტრამპის გეგმა - ყირიმის აღიარება, ფრონტის გაყინვა და ზაეს-ის აშშ-სთვის გადაცემა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული სამშვიდობო პროცესისთვის მიმდინარე კვირა შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამერიკელების მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა უკვე გადასცეს უკრაინელებს და მოსალოდნელია, რომ მათთან საბოლოო შეთანხმების შემდეგ ტრამპის სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი კიდევ ერთხელ ეწვევა მოსკოვს, პუტინთან რიგით მეოთხე შეხვედრის გასამართად. 

სავარაუდოა, რომ ამერიკული ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა იყო შეხვედრის მთავარი თემა 17 აპრილს, პარიზში გამართულ სამიტზე, რომლის დასრულების შემდეგაც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში პროგრესის არ არსებობის შემთხვევაში ვაშინგტონი შეწყვეტდაა შუამავლობის პროცესს. 

დასავლური ავტორიტეტული მედიები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტრამპის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის სხვადასხვა პუნქტებზე წერენ:

State Of Play: 19 აპრილს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის კონტროლის აღიარებას, ფრონტის არსებულ ხაზებზე გაყინვას და ამ დროისთვის ოკუპირებული ზაპორიჟიის ატომური ელექტრო-სადგურისა და მიმდებარე ტერიტორიის აშშ-სთვის გადაცემას. 

  • გახშირებული პუბლიკაციების ფონზე, 21 აპრილს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოთქვამდა იმედს, რომ რუსეთი და უკრაინა უკვე მიმდინარე კვირაშივე მიაღწევდნენ სამშვიდობო შეთანხმებას. 

  • Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ეს დამოკიდებული იქნება უკრაინის პოზიციაზე. 

  • WSJ-ის ცნობით, ტრამპი ასევე შეეცდება გაიტანოს ზაპორიჟიის ატომური ელექტრო-სადგურის ამერიკისთვის გადაცემის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ეს ტერიტორიები ნეიტრალურ ზონად უნდა გამოცხადდეს. 

Big Picture: ორივე გამოცემის ცნობით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმების სამუშაო ვერსია არ ითვალისწინებს უკრაინის არმიის ზომის შემცირებას ან შეზღუდვას, ასევე უცხოური სამშვიდობო ძალების განლაგების აკრძალვას, ან დასავლური სამხედრო დახმარების შეწყვეტას. 

  • სავარაუდოა, რომ აღნიშნული წინადადებების დიდი ნაწილი კრემლისთვის მიუღებელი იქნება. 

  • კრემლში არაერთხელ განაცხადეს, რომ ომის შესაწყვეტად აუცილებელი იქნება უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის გადაცემა - რუსეთის საოკუპაციო არმია სრულად ვერცერთ ოლქს ვერ აკონტროლებს. 

  • გარდა ამისა, რუსეთის საგარეო სამინისტრომ არაერთხელ გამორიცხა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის საკითხის განხილვა, მათ შორის ბოლოს გასულ მარტში. 

  • გარდა ამისა, კრემლსა და საგარეო სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ნატოს წევრი სახელმწიფოების სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე, თუნდაც ეს არ ხდებოდეს ნატოს მანდატით. 

  • რაც უფრო მნიშვნელოვანია, პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას ე.წ. სტამბულის დოკუმენტი უნდა დაედოს, რომელიც უკრაინული არმიის ზომის დრამატულ შემცირებას ითვალისწინებს. 

Context: სავარაუდოა, რომ ტრამპის წინადადებაზე კიევი პასუხს კვირის მიწურულს ლონდონში გასამართ შეხვედრაზე გასცემს, რომლის შემდეგაც უკვე უკრაინასთან შეთანხმებულ გეგმას კრემლს წარუდგენენ. 

  • წარუმატებლობის შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო პროცესიდან გასვლას აანონსებს

  • მარკო რუბიოს ხმაურიანი განცხადებიდან 24 საათში, ვლადიმირ პუტინმა მოულოდნელად სააღდგომო ზავის შესახებ გამოაცხადა - ეს შესაძლოა მეტყველებდეს კრემლის სურვილზე გააგრძელოს მოლაპარაკებები თეთრ სახლთან

Go Deeper: წნეხი მოსკოვზე თუ ამერიკის გასვლა - ექსპერტები რუბიოს განცხადებას აფასებენ

 

მსგავსი სიახლეები