ტრამპი: საუკეთესო გამოსავალი სამშვიდობო შეთანხმებაა და არა დროებითი ზავი

ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა უარი თქვა მანამდე გაჟღერებულ საკვანძო მოთხოვნაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველჰყოფას გულისხმობდა - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, საუკეთესო გამოსავალი დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობაა. 

State Of Play: ამის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში, ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ წერს - გასულ დღეებში ტრამპი ამბობდა, რომ პუტინთან შეხვედრისას მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველჰყოფა იქნებოდა. 

  • დონალდ ტრამპის თქმით, ალასკაში გამართული "ძალიან წარმატებული" შეხვედრის მსგავსად, "ძალიან კარგი" საუბარი შედგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ნატოს გენერალურ მდივანთან. 

  • "ყველა მხარე შეთანხმდა, რომ მიმდინარე საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზა პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დაწყებაა, რომელიც ბოლოს მოუღებს ომს და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ხშირად ირღვევა"- წერს დონალდ ტრამპი.

  • ამავე პოსტში ამერიკელი პრეზიდენტი 18 აგვისტოს ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას აანონსებს - "თუ კი ყველაფერი კარგად წავა შემდეგ ჩაინიშნება სამმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან." 

     

Big Picture: 13 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან გამართული მრავალმხრივი ონლაინ კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპი ამბობდა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის შემთხვევაში პუტინს მძიმე შედეგებთან მოუწევდა გამკლავება. 

  • სწორედ ცეცხლის შეწყვეტა იყო არამხოლოდ თეთრი სახლის, არამედ ევროპელებისა და უკრაინელების საკვანძო მოთხოვნა. 

  • საყურადღებოა, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა თავდაპირველად სწორედ ტრამპის ადმინისტრაციისგან წამოვიდა, რასაც უკრაინა ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე დათანხმდა. 

  • ვლადიმირ პუტინი ყოველ ჯერზე უარს ამბობდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე და სანაცვლოდ დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების შეჩერებას და ქვეყანაში სამხედრო მობილიზაციის შეჩერებას ითხოვდა. 

  • რუსეთის პრეზიდენტი გასულ თვეებში იმეორებდა, რომ საჭიროა კონფლიქტის "გამომწვევი, პირველადი მიზეზების მოგვარება" და მხოლოდ შემდეგ არის შესაძლებელი საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე. 

Break It Down: პუტინთან შეხვედრის შემდეგ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა მიანიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების პარამეტრები განიხილა, მათ შორის ტერიტორიების შესაძლო გაცვლა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. 

  • "ვფიქრობ ეს არის პუნქტები, რომელზეც მოვილაპარაკეთ და ჯამურად შევთანხმდით"- ამბობს ტრამპი. 

  • ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებასთან "ახლოს არიან" - ამავე გამოსვლაში ტრამპმა უკრაინელ პრეზიდენტს გარიგებაზე დათანხმება ურჩია - "მისმინეთ, რუსეთი ძალიან დიდი სახელმწიფოა, ხოლო უკრაინა არა. ისინი კარგი ჯარისკაცები არიან."

  • ამავე ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან განხილულ თემებზეც ისაუბრა - მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თემა წამოჭრა - "პუტინმა საინტერესო რამე თქვა, მან თქვა, რომ ჩვენი არჩევნები 2020 წელს გააყალბეს, რადგანაც ფოსტით ხმის მიცემის სისტემა გვაქვს, მან თქვა, რომ მე არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. 

Context: გასულ თვეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, თეთრი სახლის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაცვლად გრძელვადიან მშვიდობაზე ფოკუსირება კრემლთან პოზიციების დაახლოებად მოსჩანს. 

  • ამაზე მეტყველებს რუსეთის მიერ უკრაინისთვის წარდგენილი ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმის პროექტიც, რომლის მიხედვითაც ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა ცეცხლის შეწყვეტის გარეშე უნდა გაგრძელდეს. 

მსგავსი სიახლეები