სტანოვაია: სამიტი პუტინის გამარჯვებად აღიქმება, მაგრამ ხელშესახები შედეგის გარეშე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გამართული სამიტი ვლადიმირ პუტინის პირად გამარჯვებად გამოიყურება, მაგრამ ხელშესახები შედეგის გარეშე. 

ამის შესახებ რუსეთის მკლვევარი და ანალიტიკური ცენტრის R. Politik-ის დამფუძნებელი, ტატიანა სტანოვია წერს. 

რეალპოლიტიკა გთავაზობთ ტატიანა სტანოვაიას ტექსტის თარგმანს. 

________________________________________

სამიტი, თუ კი საერთოდ შეიძლება ამ ტერმინის გამოყენება ეს ოდენ შეკვეცილი ორმხრივი ღონისძიების აღსაწერად ისე დასრულდა როგორც მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვიხილეთ ჰელსინკი 2, ოღონდ არა 1975 წლის ჰელსინკი, არამედ ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის 2018 წლის ჰელსინკის შეხვედრის ვარიაცია. 

როგორც მაშინ, დღესაც ყველაფერი ვლადიმირ პუტინის პირად გამარჯვებად გამოიყურება, მაგრამ ხელშესახები შედეგები არ არის. 

დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ მოიხიბლა და მოექცა თანამოსაუბრის შთაბეჭდილების ქვეშ. ამიტომაც მთავარი ეფექტი ემოციური იყო, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა. პირველ რიგში ასეთი ეფექტი სწრაფად იკარგება და გარდა ამისა, ეს პუტინს დიდად ვერ ეხმარება ბოლომდე გადაიბიროს ტრამპი თავის მხარეს. 

შესაძლოა პატივს სცემდე პარტნიორს, მაგრამ არ ეთანხმებოდე და სწორედ ამას ვადევნებდით თვალს - ცალსახაა, რომ ტრამპმა სრულად არ მიიღო პუტინის მიერ წარდგენილი დარეგულირების ვარიანტი. 

მთავარი შედეგი კი ის არის, რომ ტრამპს გაუმყარდა რწმენა, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლებელია. როგორც მოსალოდნელი იყო პუტინი არ ყოფილა მოკრძალებული რუსეთის ბირთვული შესაძლებლობებზე საუბრის დროს და ამას მოჰყვა შესაბამისი შედეგი. 

არც მე მაქვს ეჭვი, რომ ომში დამარცხების რისკის შემთხვევაში პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დაფიქრდება, ტრამპი კი ყოველთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე იყო რუსეთის ბირთვულ სტატუსთან დაკავშირებით. 

სწორედ აქედან გამომდინარეობს გასული ღამის მთავარი სტრატეგიული დასკვნა: ტრამპი არასდროს დაუჭერს მხარს უკრაინას იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ამას ევროპა აკეთებს, რამდენადაც მას უბრალოდ არ სჯერა, რომ უკრაინას შეუძლია ბირთვულ სახელმწიფოსთან ომში გაიმარჯვოს. 

ეს იძლევა პასუხს ხშირად დასმულ კითხვაზე: რა მოხდება თუ პუტინი საბოლოოდ გაუცრუებს იმედებს პუტინს? ამ შემთხვევაშიც კი არ უნდა ველოდოთ აშშ-ის პოლიტიკის "ბაიდენიზაციას" და მიზეზი რუსეთის ბირთვული პასუხის შიშია. 

რაც შეეხება უშუალოდ კონფლიქტს შედეგები მინიმალურია: ეს არც წარმატებაა და არც ჩავარდნა. ტრამპმა და პუტინმა მოილაპარაკეს პუნქტებზე, რომლებზეც შეთანხმდნენ, დააფიქსირეს უთანხმოების წერტილები და მოილაპარაკეს, რომ გააგრძელებენ განხილვებს. 

ბევრს საუბრობენ მეორე სამიტზე მოსკოვში, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს მოხდება. პუტინის წარმოდგენები კონფლიქტის გამომწვევ "პირველად მიზეზებზე" ზედმეტად დიდ აცდენაშია ტრამპის გაგებასთან, ხოლო თუ მეორე შეხვედრა მაინც შედგება მაღალი ალბათობით ის იმის მსგავსი იქნება, რაც გუშინ ვიხილეთ. 

როგორც ჩანს შეხვედრის შემდეგ ტრამპი პასუხისმგებლობისა და ტვირთს დიდ ნაწილს კიევსა და ევროპას დააკისრებს, თუმცა გარკვეულ როლსაც დაიტოვებს. უნდა აღინიშნოს, რომ პუტინს სურდა ბოლომდე გადაებირებინა ტრამპი, რათა მას მოეხდინა წნეხის პროეცირება კიევზე რუსეთის მიერ წარდგენილი სამშვიდობო მემორანდუმის განხილვაზე დასაყოლიებლად. ამის მიღწევა სასურველი მოცულობით პუტინმა ვერ შეძლო. 

ამ მომენტისთვის პუტინი-ზელენსკი-ტრამპის სამმხრივი სამიტის შანსი უკიდურესად არარეალისტურად გამოიყურება. იური უშაკოვმა უკვე განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრის საკითხი არ დგას დღის წესრიგში. ეს კრემლის პოზიციის შესაბამისია: პუტინი ასეთ შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ კი კიევი რუსეთის კარნახით დაწერილი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მზაობას გამოავლენდა. 

მომდევნო დღეებში ბევრი დეტალი გახდება ცნობილი და შესაძლოა რამე საინტერესოც გავიგოთ, მაგრამ ჯერჯერობით ბევრი არაფერი შეცვლილა, ერთი გამონაკლისით:  მოსალოდნელია, რომ უკრაინა შეერთებული შტატების მზარდი წნეხის ქვეშ მოექცევა დათანხმდეს პუტინის მემორანდუმის შინაარსობრივი განხილვების დაწყებას. თუმცა, ეს წნეხი არ იქნება საკმარისი, რომ კიევმა რუსეთის პირობები მიიღოს. 

ამასობაში კი ომი გრძელდება, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი მაგიდაზე რჩება, რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებები სტამბოლში უნდა გააგრძელონ. 

მსგავსი სიახლეები