ტრამპის პეკინში ვიზიტამდე რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური აქტივობა შეინიშნება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პეკინში სი ძინგფინგთან შესახვედრად ჩავიდა. ბევრი ექსპერტის შეფასებით, ამ ვიზიტმა, შესაძლოა, მომავალი ათწლეულები განსაზღვროს. 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: გრძელვადიანი კონკურენცია აშშ-ს, ჩინეთსა და მათ მოკავშირეებს შორის, ხელოვნური ინტელექტის, ჩიპების, კიბერუსაფრთხოების, ნავიგაციის თავისუფლების, მიწოდების ჯაჭვებისა და გავლენების სფეროებში, მსოფლიოს სახეს უცვლის.

მხოლოდ ბოლო ორ კვირაში განვითარებული მოვლენები:

  • აშშ-მა და იაპონიამ, Balikatan-ის წვრთნების ფარგლებში, ფილიპინებიდან Tomahawk-ის ტიპის რაკეტა (Typhon-ის გამშვები დანადგარით) და ხომალდსაწინააღმდეგო Type 88 რაკეტები გამოცადეს. ეს პირველი შემთხვევაა და პეკინის თვალში პროვოკაციად აღიქმება.

  • იაპონიამ ინდონეზიასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, რაც იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების შემსუბუქებას მოჰყვა.

  • ტაივანის საკანონმდებლო ორგანომ შეიარაღების შესაძენად 25 მილიარდი დოლარის სპეციალური დაფინანსება დაამტკიცა. ეს ნაბიჯი თვეების განმავლობაში არსებულ პოლიტიკურ ჩიხს ასრულებს. პარალელურად, ვაშინგტონში ბევრი მოუწოდებს თეთრ სახლს, დააჩქაროს იარაღის გაყიდვა და მიწოდება, მიუხედავად საგარეო წნეხისა.

დაძაბულობა: ჩინელი ოფიციალური პირები უკმაყოფილებას გამოხატავენ რეგიონში გაზრდილი სამხედრო აქტივობის გამო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის თანდათანობით ხელახალ შეიარაღებას უწოდა „ნაცრისფერი მარტორქა, რომელიც მშვიდობასა და წესრიგს უტევს“.

სტრიქონებს შორის: დინამიკა ცვალებადია, რადგან ტრამპის ადმინისტრაციას სამხედრო რესურსები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონიდან დასავლეთ ნახევარსფეროსა და ახლო აღმოსავლეთისკენ გადააქვს, თუნდაც დროებით. ტრამპმა ასევე გარკვეული დისტანცია დაიჭირა ტრადიციულ მოკავშირეებთან.

რას ვაკვირდებით: ტრამპთან ერთად ჩინეთში ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. სტუმრების სიაში არიან ილონ მასკი, Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი, Boeing-ის კელი ორტბერგი და GE Aerospace-ის ლარი კალპი.

მსგავსი სიახლეები