უფლებადამცველები: ირანში საპროტესტო აქციების მსვლელობისას 36 ადამიანი დაიღუპა

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ანგარიშის მიხედვით, ირანში ბოლო 10 დღეში, საპროტესტო აქციების მსვლელობისას მინიმუმ 36 ადამიანი დაიღუპა.

ჩაშლილად: ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო (HRANA) წერს, რომ დაიღუპა 34 საპროტესტო აქციის მონაწილე და 2 სამართალდამცავი.

  • გარდა ამისა, HRANA-ს ინფორმაციით, დაშავებულია 60 და დაპატიმრებულია 2067 ადამიანი.

  • ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, 6 იანვარს, ქალაქ მალქშაჰში, სროლის შედეგად დაიღუპა პოლიციელი.

წინარე ისტორია: ირანში საპროტესტო აქციები 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო.

  • თეირანში ინფლაციის გასაპროტესტებლად მაღაზიების მფლობელები შეიკრიბნენ.

  • მომიტინგეებს თეირანის უნივერისტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

  • მოგვიანებით მიტინგები მთელ ქვეყანას გადაედო, ბოლო მონაცემებით, აქციები 92 ქალაქში მიმდინარეობს.

  • რამდენიმე ახლოაღმოსავლური მედიის ცნობით, ქალაქ აბდანანში სამართალდამცავებმა იარაღი დაყარეს და აქციის მონაწილეებს დაუჭირეს მხარი. ამ დროისთვის ქალაქს მთლიანად მომიტინგეები აკონტროლებენ.

სიღრმისეულად: ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამინეიმ განაცხადა, რომ მომიტინგეებს "თავიანთი ადგილი უნდა მიუჩინონ" და დაიფიცა, რომ "მტერს ქედს არ მოუხრის".

  • ირანის მთავარმა მოსამართლემ, ღოლამჰოსეინ მოჰსენ ეჰეიმ თქვა, რომ ხელისუფლება მზად არის მოისმინოს "მომიტინგეების ლეგიტიმური მოთხოვნები", მაგრამ "აჯანყებულების მიმართ ლმობიერებას არ გამოიჩენს".

  • "გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში შეშფოთებულია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ გავრცელებული ინფორმაციით". - განუცხადა ჟურნალისტებს მისმა პრესმდივანმა სტეფან დუჟარიჩმა.

  • 2 იანვარს ირანში, სამართალდამცავების მიერ მოკლული მომიტინგეების ამბავს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: "მზად ვართ ვიმოქმედოთ".

მსგავსი სიახლეები