ულტრამემარჯვენე კანდიდატმა ერიკ ზემურმა საარჩევნო კამპანია დაიწყო

 

ულტრამემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატმა ერიკ ზემურმა კვირას საარჩევნო კამპანია დაიწყო. მისი პირველი წინასაარჩევნო ღონისძიება პროტესტის ფონზე ჩატარდა.

"თუ ამ არჩევნებს მოვიგებ, ეს არ იქნება ძალაუფლების მორიგი როტაცია, ეს იქნება მსოფლიოს უდიადესი ქვეყანის დაბრუნება", - განაცხადა ზემურმა.

მან თქვა ისიც, რომ მის პარტიას "რეკონკისტას" უწოდებს, რაც ყველას ესპანეთის მუსლიმი მავრებისგან გათავისუფლების ომის ასოციაციას უჩენს.

ზემურმა 15 000 მხარდამჭერის წინაშე პირობა დადო, რომ საფრანგეთში იმიგრანტების რიცხვი განულდება და მუშათა კლასისთვის გადასახადები შემცირდება.

წინასაარჩევნო ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიაზე ულტრამემარცხენე ანტი-რასისტების აქციაც გაიმართა, რომლებიც ზემურის კანდიდატობას აპროტესტებდნენ.

ყოფილი ჟურნალისტი და მწერალი აქამდე ოფიციალურად საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებდა და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში მისი წიგნის - "საფრანგეთს მისი უკანასკნელი სიტყვა არ უთქვამს" - პრეზენტაციებს მართავდა.

პროვოკაციული, ხშირად ისლამოფობიური და ანტი-მიგრაციული განცხადებებით ცნობილი ზემური საფრანგეთში საკმაოდ პოპულარულია. მან როგორც მარინ ლე პენის, ისე მემარჯვენე კონსერვატორი რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების მიმხრობა მოახერხა.

ზემურმა ასევე განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთს ნატოდან გამოიყვანს.

უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია ხმების 24%-ით, მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი - 19%, მესამეზე ერიკ ზემური - 14% და მეოთხე ადგილზე მემარჯვენე კონსერვატორი რესპუბლიკელების კანდიდატი ვალერი პეკრესი - 10%.

 

 

მსგავსი სიახლეები