უნგრეთში კორონავირუსით ერთ დღეში გარდაცვალების სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა

ოთხშაბათს, უნგრეთში, ერთ დღეში, პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მეტი - 302 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსმა 20,737 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მთავრობის განცხადებით, გარდაცვლილების უმრავლესობა ასაკოვანი ან ქრონიკულად დაავადებული ადამიანია.

გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაემთხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ უნგრეთში მიმდინარე წარმატებული ვაქცინაციის კამპანიის გამო “თავისუფალი ზაფხული” იქნებოდა.

ქვეყანა აცრილი ადამიანების რაოდენობით ევროპაში მოწინავეა და მხოლოდ ჯუჯა სახელმწიფო მალტას ჩამორჩება. დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მონაცემებით, უნგრეთის ზრდასრული მოსახლეობის 23.7%-მა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო, ხოლო 8.6% სრულად ვაქცინირებულია.

ვაქცინაციის წარმატებული კამპანიის ერთ-ერთი მიზეზი არის უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ და რუსულ ვაქცინებს ავტორიზაცია მისცა. ამ ვაქცინებს ჯერ კიდევ არ აქვს ევროპული მედიკამენტების სააგენტოს თანხმობა. უნგრეთი პირველი ევროპული სახელმწიფო იყო, რომელმაც იანვარში რუსულ ვაქცინა Sputnik V-ს მისცა ავტორიზაცია, ხოლო თებერვალში ჩინურ - სინოფარმს.

მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნებს Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების მიწოდების პრობლემა ჰქონდათ, უნგრეთმა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული და ჩინური ვაქცინებით აცრა. 

აპრილის დასაწყისში უნგრეთის მთავრობამ თანხმობა კიდევ ორ ვაქცინას, ჩინურ Cansino Biologics-ს და ინდურ CoviShield-ს მისცა, რომელიც ინდოეთის სერუმის ინსტიტუტში დამზადებული AstraZeneca-ს ვაქცინის მსგავსია. გარდა ამისა, უნგრეთი აპრილის ბოლოს  Johnson & Johnson-ის ვაქცინასაც მიიღებს.

წარმატებული ვაქცინაციის კამპანიის მიუხედავად, უნგრეთს 100 000 მოსახლეზე 209 გარდაცვლილი ჰყავს, რაც მსოფლიოში მეორე ყველაზე უარესი შედეგია.

 

 

მსგავსი სიახლეები