ვან დერ ბელენი ავსტრიის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა

ავსტრიის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ვან დერ ბელენი 9 ოქტომბერს, კვირას ჩატარებულ ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით ლიდერობს. მედიაკომპანია ORF-ის დაკვეთით Sora-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, მან ხმების 55.5% მიიღო. 

პირველ ტურში გასამარჯვებლად ავსტრიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ხმების 50 პროცენტზე მეტი უნდა მოიპოვოს.

ვან დერ ბელენის გარდა, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, ავსტრიის პრეზიდენტობისთვის კიდევ ექვსი პოლიტიკოსი იბრძვის. წინასაარჩევნო გამოკითხვებში ავსტრიელი ამომრჩევლები უპირატესად ვან დერ ბელენს ემხრობოდნენ.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, მეორე ადგილზე მემარჯვენე პოპულისტური ავსტრიის "თავისუფლების პარტიის" წარმომადგენელი ვალტერ როზენკრანცი იყო. 9 ოქტომბრის საღამოს გამოქვეყნებული SORA-ს ეგზიტპოლის მიხედვით, მან საბოლოოდ ამომრჩეველთა 18.4%-ის მხარდაჭერა მიიღო.

ჯერჯერობით, ავსტრიის ისტორიაში ყველა პრეზიდენტმა, ვინც მეორე ვადით იყარა კენჭი, არჩევნებზე გაიმარჯვა.

ავსტრიაში ხმის მიცემის უფლება 9 მილიონი მოქალაქიდან 6.4 მილიონს აქვს. ვან დერ ბელენი თანამდებობას 2017 წლის იანვრიდან იკავებდა.

მსგავსი სიახლეები