ზახაროვა: კოლექტიური დასავლეთი მოლდოვის ომში ჩათრევას ცდილობს

2023 წლის 25 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს "მოლდოვის თანმიმდევრული ტრანსფორმაცია კიევის რეჟიმის ლოგისტიკურ დანამატად."

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზახაროვას სიტყვები დაგმო და "ცრუ განცხადებები" უწოდა.

ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე "მოლდოვაში ამერიკული იარაღის საწყობების განთავსების საკითხის შესწავლის შესახებ, რომელიც, მოლდოველი ანალიტიკოსების აზრით, შემდგომში შეიძლება უკრაინის შეიარაღებული ძალებს გაუგზავნონ."

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "კოლექტიური დასავლეთი" ცდილობს მოლდოვის უკრაინის ომში ჩათრევას და რუსეთი ხედავს "მოლდოვის თანმიმდევრულ ტრანსფორმაციას კიევის რეჟიმის ლოგისტიკურ დანამატად."

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა ოფიციალური კიშინოვი უკრაინასთან თანამშრომლობისა და დახმარების შესახებ. ზახაროვას თქმით, კიევის ასეთი მხარდაჭერა "მოლდოვას ფაქტობრივად კიევის რეჟიმის ომის დანაშაულების თანამონაწილედ აქცევს."

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას უპასუხა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს იზოლაციას და მოლდოვა თანამშრომლობს მათთან, ვინც იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს.

"ომის პირველივე დღიდან მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების ყველა სახის დახმარებას, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში." - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები