ЗСУ: ოკუპანტები ჯერ კიდევ შორს არიან ბახმუტის 'სიცოცხლის გზის' კონტროლისგან

რუსი ოკუპანტები კვლავ შორს არიან ჩასოვ-იარისა და ბახმუტის დამაკშირებელი გზის გაკონტროლებისგან. 

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

"რუსები უკვე რამდენიმე კვირაა იტყობინებიან სიცოცხლის გზაზე კონტროლისა მასზე საცეცხლე კონტროლის დამყარების შესახებ. სინამდვილეში ვითარება განსხვავებულია. დიახ იქ ნამდვილად რთული ვითარებაა, მტრის მცდელობები გრძელდება, მაგრამ სპეციალური ძალების ჯარისკაცებისა და არტილერისტების დახმარებით ჩვენი თავდაცვის ძალები არ აძლევენ მტერს საშუალებას ჩაგვიჭრან ლოჯისტიკა",- განაცხადა ჩერევატიმ. 

ЗСУ-ს აღმოსავლეთ სარდლობის თქმით, ადგილზე მუშაობენ ინჟინერები, ლოჯისტიკის სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ ახალი მარშრუტების შემუშავებაზე, ეს ყველაფერი კი იძლევა საშუალებას ბახმუტში მყოფი გარნიზონის მომარაგების გაგრძელებას. 

"გრძელდება მძიმე ბრძოლები, მაგრამ არ არის არანაირი პანიკა, ყველა მოქმედებს წინასწარ შეთანხმებული გეგმით. გენერალური შტაბი სრულად აკონტროლებს ვითარებას. ეს ყველაფერი ჯამურად გვაძლევს საშუალებას კვლავ შევინარჩუნოთ პოზიციები ბახმუტში",- ამბობს ჩერევატი. 

კონტექსტი 

ბახმუტი მიმდინარე ომის ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლაა, რომელიც უკვე თითქმის 9 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიისთვის ვითარება სტრატეგიულად იანვრის დასაწყისში დასახლება სოლიდარის დაკარგვის შემდეგ გაუარესდა. 

სოლედარის დაკავებით, რუსებმა ბახმუტზე შეტევების არეა გაზარდეს. უკვე მრავალი თვეა რუსი პროპაგანდისტები და Z-ბლოგერები ბახმუტის 
"სწრაფ და გარდაუვალ" დაცემაზე საუბრობენ, თუმცა უკრაინელი მებრძოლები ამ დრომდე აგრძელებენ აქტიურ წინააღმდეგობას, როგორც გარეუბნებში, ასევე უშუალოდ ქალაქის ფარგლებში. 

ბოლო ცნობებით ოკუპანტები ბახმუტის დაახლოებით 2/3-ს აკონტროლებენ - უმძიმესი ბრძოლები გრძელდება რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე და დასავლეთ ნაწილში. 

დამოუკიდებელი წყაროების შეფასებით, ბახმუტში ორივე მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, მაგრამ ყველა წყაროს ცნობით, დანაკარგების თანაფარდობა უკრაინელების სასარგებლოდ მეტყველებდა. 

გასულ თვეში ნატოს წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო უწყებები იტყობინებოდნენ, რომ ბახმუტში დანაკარგების თანაფარდობა 5:1-ზეა უკრაინის სასარგებლოდა.

მსგავსი სიახლეები