31 მაისს აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

31 მაისს შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 300 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოაცხადებს. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით წერს.

ახალი პაკეტი, სხვა შეიარაღებასთან ერთად, მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების და HIMARS-ის რაკეტებს, ტანკების საბრძოლო მასალისა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.

გარდა ამისა, აშშ კიევს გადასცემს უმართავ Zuni-ს რაკეტებს, რადარით მართვად AIM-7-ის ჰაერი-ჰაერი რაკეტებს, ასევე Avenger-ის საჰაერო თავდაცვის და Stinger-ის გადასატან საზენიტო სისტემებს.

ამ პაკეტით გათვალისწინებული აღჭურვილობა გაიცემა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მარაგებიდან, კონგრესის თანხმობის გარეშე.

ამერიკამ უკრაინის დახმარების ბოლო, 375 მილიონი დოლარის ღირებულების წინა პაკეტი 21 მაისს გამოაცხადა.

პენტაგონის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე $36.9 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა.

მსგავსი სიახლეები