ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეწვევა

 

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 18-20 იანვარს უკრაინას და გერმანიას ეწვევა, შემდეგ კი ჟენევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვიზიტის მიზანია, ამერიკამ დაადასტუროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა.

20 იანვარს სახელმწიფო მდივანი ბერლინში გაემგზავრება, სადაც რუსული აგრესიის შეკავების გზებზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ისაუბრებს.

ორშაბათს უკრაინამ განაცხადა, რომ მათ სამთავრობო საიტებზე რუსეთიდან კიბერ-შეტევა განხორციელდა. 

13 იანვარს, ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ მოსკოვი უკრაინაში სპეცოპერაციის ჩატარებას გეგმავს, რომელსაც შემდეგ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დასაწყებად გამოიყენებს.

 

მსგავსი სიახლეები