აშშ-ს და უკრაინის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

 

ხუთშაბათს, მზარდი რუსული სამხედრო ესკალაციის ფონზე, უკრაინის და აშშ-ს პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

საუბრის განმავლობაში, რომელმაც ერთ საათზე მეტს გასტანა, მხარეებმა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე დაძაბულ სამხედრო ვითარებაზე იმსჯელეს.

„აშშ-ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ მამცნო“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ბაიდენმა უკრაინულ მხარეს დაუდასტურა, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებებს მხოლოდ კიევის ჩართულობით მიიღებს.

„უკრაინელებს დიპლომატიის გზით გამოსავლის პოვნის შესახებ კონსტრუქციული იდეები აქვთ“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა, ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

მზარდი რუსული საფრთხის გამო, ზელენსკიმ ბაიდენს დიდი რაოდენობით სამხედრო შეიარაღების გადაცემა მოსთხოვა.

უკრაინა თვლის, რომ აშშ-მ რუსეთს სანქციები ახლავე - და არა შეჭრის შემთხვევაში - უნდა დაუწესოს, რაც, კიევის აზრით, რუსეთის პოტენციურ აგრესიას შეაკავებს.

ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, ბაიდენმა სატელეფონო საუბრები გამართა ნატოს მოკავშირეებთან, მათ შორის ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის ლიდერებთან.

 


ამერიკის და რუსეთის ლიდერებმა საგანგებო ონლაინ-შეხვედრა სამშაბათს გამართეს. ბაიდენმა პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას დასავლეთისგან მკაცრი პასუხი მოჰყვება.

ბაიდენის და პუტინის ონლაინ-შეხვედრას სიტუაციის შესამჩნევი დეესკალაცია არ მოჰყოლია.

აშშ და დასავლელი მოკავშირეები რუსეთს ინტერვენციის შემთხვევაში „არნახული“ ეკონომიკური სანქციებით და უკრაინის შეიარაღებით მომარაგებით ემუქრებიან.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ მზადაა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი შეიარაღებული ძალები გაზარდოს, თუმცა უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნისგან თავს იკავებს.

აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს 175 000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული და, შესაძლოა, იანვრის დასაწყისში უკრაინაში შეჭრა სცადოს.

მსგავსი სიახლეები