ბაიდენი: თუ ისრაელის არმია რაფაში შევა შემტევი იარაღის გადაცემას შევაჩერებთ

ჯო ბაიდენის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კი IDF ქალაქ რაფაში სახმელეთო იერიშს წამოიწყებს ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტენ ისრაელისთვის საარტილერიო ჭურვების, საავიაციო ბომბებისა და სხვა შემტევი იარაღის მიწოდებას. 

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მრავალი ირიბი გაფრთხილების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაცია ისრაელს კონკრეტული ზომების შესახებ აფრთხილებს, თუ კი ქალაქ რაფაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყება. 

7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელის არმიის მიერ წამოწყებული მასირებული სახმელეთო და საჰაერო იერიშის შედეგად ღაზის მოსახლეობის ნახევარი ამ დროისთვის თავს სწორედ ქალაქ რაფას აფარებს, საუბარია დაახლოებით 1 მილიონ ადამიანზე. 

ბაიდენის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება ისრაელის სახმელეთო იერიშის გეგმას, რომელიც მათი აზრით არ შეიცავს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის რეალურ ზომებს. 

საყურადღებოა, რომ გამოცემა Axios-ის წყაროს ცნობით, ადმინისტრაციამ უკვე შეაჩერა ისრაელისთვის მძიმე საავიაციო ბომბების გადაცემა. 

ამერიკის წინააღმდეგობის მიუხედავად გასულ დღეებში ისრაელის არმიამ ქალაქ რაფაზე საავიაციო დარტყმების რიცხვი გაზარდა, მათ შორის მათ დაიკავეს რაფას გადასასვლელი გამშვები პუნქტი. არმიამ მახლობელი დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, თუმცა დანაყოფები ქალაქის ტერიტორიაზე ამ დრომდე არ შესულან. 

ბაიდენის თქმით, მან უკვე გააფრთხილა დახმარების შეჩერების შესახებ იმ შემთხვევაში თუ არმია ქალაქ რაფას მთავარ ურბანულ ცენტრებში შევა. 

ამასთანავე პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელისთვის ისეთი თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას როგორებიცაა საზენიტო რაკეტები სხვადასხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. 

მსგავსი სიახლეები