ბელარუსმა ახალ სამხედრო დოქტრინაში ბირთვული იარაღის გამოყენება ახსენა

AP news-ის ინფორმაციით, ბელარუსი ახალ სამხედრო დოქტრინას წარადგენს, რომელშიც პირველად იქნება ნახსენები ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.

„მკაფიოდ გავაცნობთ ჩვენს ხედვას ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ და დეტალურად განვსაზღვრავთ ჩვენს ვალდებულებებს ჩვენი მოკავშირეების მიმართ“, - განაცხადა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. 

უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრ ვოლფოვიჩის თქმით, ბელორუსის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთული შეიარაღების დანიშნულება პოლონეთიდან, NATO-ს წევრი სახელმწიფოდან, მომავალი აგრესიის შეკავებაა.

„სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლების, კონკრეტულად პოლონეთის, განცხადებებმა გვიბიძგა სამხედრო დოქტრინის გაძლიერებაზე“, - ალექსანდრ ვოლფოვიჩი.

ახალი სამხედრო დოქტრინა დასამტკიცებლად ბელარუსის სახალხო ასამბლეას (წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ბელორუსის საკანონმდებლოორგანოს პარალელურად მოქმედებს) წარედგინება.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი საბჭოთა კავშირში ყოფნის პერიოდში, როგორც ტაქტიკურ, ისე შორი მოქმედების ბირთვულ შეიარაღებას ფლობდა, თუმცა სსრკ-ს დაშლის შემდეგ, აღნიშნული იარაღი რუსეთის ფედერაციას გადაეცა.

რუსეთის ფედერაციამ გასულ წელს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღი განათავსა, რომელის შესახებაც დეტალები ამ დრომდე არაა ცნობილი.

მოსკოვსა და მინსკს შორის მჭიდრო კავშირები არსებობს. ბელარუსი მოსკოვის უახლოესი მოკავშირეა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ კრემლს უკრაინაში შესაჭრელად საკუთარი ქვეყნის ტერიტორია დაუთმო.

 

მსგავსი სიახლეები