ბელგია პალესტინის აღიარებას გეგმავს

ბელგია აცხადებს, რომ სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას და ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ 2 სექტემბერს, სოციალურ ქსელში სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ განაცხადა.

არსებული ვითარება: პრევომ აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ღაზას სექტორში "ჰუმანიტარული ტრაგედიის" გამო მიიღეს.

  • "საქმე ისრაელელი ხალხის დასჯას არ ეხება, არამედ იმას, რომ მისმა მთავრობამ დაიცვას საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართალი და მიიღოს ზომები ადგილზე არსებული სიტუაციის შესაცვლელად," - აღნიშნა ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
  • მისი თქმით, ანტისემიტიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და "ჰამასის" მხრიდან ტერორიზმის განდიდებას ასევე მკაცრად დაგმობენ.

დაეწიე ამბავს: პრევომ განაცხადა, რომ სამეფო ბრძანებულებით ოფიციალურად პალესტინას მხოლოდ მაშინ აღიარებენ, როდესაც ყველა ისრაელელი მძევალი გათავისუფლდება და "ჰამასი" ღაზას სექტორში ხელისუფლებაში აღარ იქნება.

  • ისრაელის წინააღმდეგ სანქციებს შორის ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ისრაელელი მინისტრის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, ოკუპირებულ პალესტინურ ტერიტორიებზე ისრაელის დასახლებებიდან პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, ისრაელური კომპანიებისგან სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის გადახედვა და მთელ რიგ პირთათვის ბელგიის ტერიტორიაზე ფრენების აკრძალვა და ტრანზიტი დაასახელა.

სტრიქონებს შორის: გაეროს წევრი დაახლოებით 150 სახელმწიფო პალესტინის ტერიტორიებს დამოუკიდებელ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებს. ამ ქვეყნებს შორის, სხვებთან ერთად, არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები ირლანდია და ესპანეთი.

  • საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ადრე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას 2025 წლის შემოდგომაზე აპირებს. 
  • ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმაც არ გამორიცხა ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

მსგავსი სიახლეები