ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე უარი თქვა

ჩინურმა მხარემ უარი თქვა პენტაგონის და ჩინეთის თავდაცვის მინისტრებს შორის პირად შეხვედრაზე, რომელიც მომდევნო უქმეებზე სინგაპურის უსაფრთხოების ფორუმზე იგეგმებოდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს

ამერიკული მხარის ცნობით, ჩინეთის უარს თან ახლდა გაუგებარი ეჭვები აშშ-ს გულწრფელობასთან დაკავშირებით - ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ახალი თავდაცვის მინისტრი, ლი შანგფუ 2018 წლიდან მოყოლებული აშშ-ს მიერ არის დასანქცირებული. 

იმ დროს შანგფუ ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის აღჭურვილობისა და შეიარაღების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი სანქცირების მიზეზი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების შეძენა გახდა. 

ჩინეთის და აშშ-ს თავდაცვის მინისტრებს შორის გარკვეული სირთულეები გასულ წლებშიც ახლდა - 2022 წელს იმავე ფორუმზე კოლეგების შეხვედრის შეთანხმება ბოლო საათებში მოხერხრდა. 

კონტექსტი 

ამერიკული მხარე კვირების განმავლობაში ცდილობდა თავდაცვის მდივნებს შორის შეხვედრის ორგანიზებას, პროცესს თან ახლდა ლოიდ ოსტინის მიერ ჩინელი კოლეგისთვის გაგზავნილი პირადი წერილიც. ამერიკელების მცდელობის მიუხედავად მათი სატელეფონო ზარებსაც კი ჩინეთის თავდაცვის უწყება ხშირად უპასუხოდ ტოვებდა. 

აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც თებერვალში აშშ-ს თავზე ჩინეთის კუთვნილი 2 სადაზვერვო აეროსტატი აღმოაჩინეს. ორივე ზონდი მოგვიანებით აშშ-ს საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. 

მაისის დასაწყისში რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა მათ შორის პრეზიდენტების მრჩეველების და ვაჭრობის მინისტრების დონეზე. გარდა ამისა კვლავ უცნობია შედგება თუ არა ენტონი ბლინკენის გადადებული ვიზიტი - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩინეთში 8 თებერვალს უნდა ჩასულიყო, თუმცა ჩინური აეროსტატის ირგვლივ განვითარებული სკანდალის შემდეგ ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

მსგავსი სიახლეები