ევროკავშირს ახალი წევრები შესაძლოა სანახევრო ხმის მიცემის უფლებით შეუერთდნენ

POLITICO-ს თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები განიხილავენ მოდელს, სადაც ახლად შემოერთებულ სახელმწიფოებს დროებით ხმის მიცემის გამოყენების უფლება სრულად არ შეეძლებათ.
ვითარების არსი: ამ იდეას, ორი - პოლიტიკური და ტექნიკური მიზეზი აქვს. პოლიტიკურ მიზეზებში ნათქვამია, რომ ამ გზით, შესაძლოა, მოხდეს ისეთი ბარიერების გადალახვა, როგორსაც ვიქტორ ორბანის მსგავსი ლიდერები ქმნიან.
- გამოცემის ინფორმაციით, მომავალ წევრ ქვეყნებს ვეტოს გამოყენების უფლება არ ექნებათ მანამდე, სანამ ევროკავშირის შიდა რეფორმა არ დასრულდება.
- აღნიშნული რეფორმა შეიძლება რამდენიმე მიმართულებით განხორციელდეს — მათ შორის, რიგ საკითხებზე ხმის მიცემის წესის შეცვლით და აბსოლუტური უმრავლესობიდან კვალიფიციურ უმრავლესობაზე გადასვლით.
- ეს საკითხი ევროკავშირში არაერთი წელია დღისწესრიგში დგას და გამოწვეულია იმ სურვილით, რომ უკიდურეს უმცირესობაში მყოფმა სახელმწიფოებმა, ხელი ვერ შეუშალონ გაერთიანებაში შემავალი უმრავლესი ქვეყნების მისწრაფებებს.
ჩაშლილად: "მომავალმა წევრებმა უარი უნდა თქვან ვეტოს უფლებაზე მანამდე, სანამ არ განხორციელდება ძირითადი ინსტიტუციური რეფორმები — მაგალითად, კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის შემოღება უმეტეს პოლიტიკურ სფეროებში," — განაცხადა ანტონ ჰოფრაიტერმა, გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
- "გაფართოება არ უნდა შენელდეს ინდივიდუალური წევრი სახელმწიფოების მიერ რეფორმების დაბლოკვის მიზეზით."
კონტექსტი: ეს ინიციატივა წევრობის მსურველ ქვეყნებს — მაგალითად, უკრაინას, მოლდოვას და მონტენეგროს — საშუალებას მისცემს ისარგებლონ ევროკავშირის წევრობის მრავალი უპირატესობით, თუმცა ვეტოს უფლების გარეშე, რომელსაც ევროკავშირის სახელმწიფოები ყოველთვის თვლიდნენ უმაღლეს ბერკეტად, რათა შეეჩერებინათ მათთვის არასასურველი პოლიტიკა.
- ეს ინიციატივა გარკვეულწილად უპასუხებს მზარდ უკმაყოფილებას აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატ ქვეყნებში, რომლებმაც განახორციელეს მასშტაბური რეფორმები, თუმცა ამ დრომდე ვერ გახდნენ ევროკავშირის წევრები.
- მონტენეგრომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო.
- "ბოლო ქვეყანა, რომელიც [ევროკავშირში] შევიდა, იყო ხორვატია — 10 წელზე მეტი ხნის წინ, ამ დროს კი გაერთიანებული სამეფო გავიდა," — განაცხადა მონტენეგროს პრეზიდენტმა იაკოვ მილატოვიჩმა POLITICO-სთან ინტერვიუში. "სწორედ ამიტომ მჯერა, რომ ახლა დადგა დრო, განვაახლოთ ეს პროცესი და ნაწილობრივ აღვადგინოთ იდეა ევროკავშირის შესახებ, როგორც კლუბისა, რომელსაც კვლავ აქვს მიზიდულობის ძალა."
- ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის დღისწესრიგში გაფართოვება ცენტრალური საკითხია, თუმცა აქამდე, ბევრი კითხვა არსებობდა შენელებულ ტემპსა და კონკრეტულ გეგმებზე. ამ ინიციატივამ, შესაძლოა, კარი გაუხსნას მოქმედი კომისიის სურვილებს.
- გარდა ამისა, ევროკავშირის შიგნით არსებულ დისკუსიას, POLITICO-ს მიხედვით დადებითი გამოხმაურება აქვს უკრაინაში, სადაც მიაჩნიათ, რომ "კრეატიული" გზების გამოყენება ჩიხური მდგომარეობის განბლოკვის საშუალებას იძლევა. კიევში ასევე ფიქრობენ, რომ ეს იქნება იმ ქმედებების საპირწონე ნაბიჯი, რასაც რუსეთი უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მიმართ ახორციელებს.