FT: ევროკავშირი აპირებს გაყინული რუსული აქტივების ნაწილი უკრაინას გადასცეს

ბრიუსელი მუშაობს ახალ მექანიზმზე, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებში გაყინული რუსული აქტივების დიდი ნაწილი უკრაინის საბიუჯეტო დახმარებას და შეიარაღების შესყიდვას მოხმარდება — აქამდე ევროკავშირი უკრაინას გაყინულ აქტივებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელით ეხმარებოდა.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს — საუბარია ე.წ. რეპარაციული კრედიტების მექანიზმზე.
- ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Politico-მ 15 სექტემბერს გაავრცელა.
- გეგმის მიხედვით, ახალი მექანიზმი შემდეგი პრინციპით იმუშავებს: ბელგიური დეპოზიტარის EuroClear-ის ანგარიშებზე არსებული გაყინული რუსული აქტივების უზრუნველყოფით ბრიუსელი გამოუშვებს უპროცენტო ობლიგაციებს, აქედან შემოსული თანხა კი კიევს გადაეცემა.
- გასულ კვირას „რეპარაციულ კრედიტებზე“ საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა, განაცხადა, რომ მათი დაბრუნება ბრიუსელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ რუსეთი დათანხმდება უკრაინისთვის სამხედრო შეჭრით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
- ფინანსისტების შეფასებით, ამგვარი მექანიზმი ბრიუსელს მისცემს საშუალებას გადასცეს კიევს გაყინული რუსული აქტივები მათი ფორმალური კონფისკაციის გარეშე.
ჩაშლილად: Financial Times-ის პუბლიკაციის მიხედვით, ჯამურად საუბარია 170 მილიარდ ევროზე, რომელიც უკვე ფინანსურ ნაშთად კლასიფიცირდება.
- წყაროების ცნობით, სქემის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული. წინააღმდეგობრივი საკითხების განსახილველად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები მიმდინარე კვირას დანიაში შეიკრიბებიან.
- მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ახალ სქემასთან დაკავშირებით „გარკვეული რეზერვაციები“ აქვს ბელგიას, გერმანიასა და საფრანგეთს — ამ ქვეყნების მთავრობებში შიშობენ, რომ გაყინული რუსული აქტივების ძირითადი კაპიტალის კონფისკაცია სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება და შესაძლოა დაასუსტოს ევროს, როგორც სარეზერვო ვალუტის სტატუსი.
სტრიქონებს შორის: რუსული აქტივების კონფისკაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, რომ კრემლის უცვლელი, მაქსიმალისტური მოთხოვნების გათვალისწინებით, საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტა ნაკლებად სავარაუდოა.
- ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურობისკენ ბრიუსელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციაც უბიძგებს — ამერიკელი პრეზიდენტი არ ჩქარობს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას და არც უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდას.
- საყურადღებოა, რომ ამერიკელები ევროპელ კოლეგებს უკვე რამდენიმე თვეა მოუწოდებენ გაყინული რუსული აქტივების ძირითადი კაპიტალის კონფისკაციისკენ. სწორედ ამაზე იყო საუბარი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დიდი შვიდეულის წევრებისთვის გაგზავნილ წერილში.
- „დიდმა შვიდეულმა უნდა განიხილოს რუსეთის სუვერენული აქტივების ძირითადი კაპიტალის კონფისკაცია (ან სხვა ფორმით მისი გამოყენება) უკრაინის თავდაცვისთვის,“ — ნათქვამია წერილში.
კონტექსტი: გაყინულ რუსულ აქტივებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის უზრუნველყოფით კიევმა გასულ წელს 50 მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტი მიიღო.
- უკრაინის მთავრობის ცნობით, მომდევნო წელს ქვეყანას 50 მილიარდი ევროს მოცულობის საბიუჯეტო დახმარება დასჭირდება. საუბარია მხოლოდ ბიუჯეტის საჭიროებების უზრუნველყოფაზე, რომელიც არ ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას.
- ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინის მხარდაჭერის ტვირთის დიდი ნაწილი სწორედ ევროკავშირის პასუხისმგებლობა იქნება.
- „უკრაინელებს ფული სჭირდებათ და ჩვენ არც ისე ბევრი ვარიანტი გვაქვს,“ — ამბობს გამოცემასთან საუბარში გერმანელი მაღალჩინოსანი.