იუტაში MAGA მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ჩარლი კირკს ესროლეს

დონალდ ტრამპის მხარდამჭერი, MAGA მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საჯარო სახესა და ლიდერს, ჩარლი კირკს, იუტაში სტუდენტებთან შეხვედრის დროს ესროლეს.

ვითარების არსი: ამერიკული მედიის ცნობით, კირკი ჰოსპიტალიზებულია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

  • თავდასხმის ამსახველი კადრების მიხედვით, კირკი ყელის არეშია დაჭრილი. ვრცელდება სავარაუდო თავდამსხმელის დაკავების კადრები.

ჩაშლილად: შემთხვევა ორემის უნივერსიტეტის კამპუსში, კირკის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა. ცნობების მიხედვით, თავდამსხმელმა მხოლოდ ერთხელ გასროლა მოასწრო.

  • კირკი იუტაში იმყოფებოდა მისი საშემოდგომო კამპუსის ტურნეს (American Comeback Tour) ფარგლებში. ტურნეს პირველი ღონისძიება სწორედ ორემის კამპუსში იმართებოდა.

  • კირკს დაგეგმილი ჰქონდა გამოსვლები იუტასა და იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ღონისძიებების დაანონსებას სტუდენტთა ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

  • იუტას უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებულ პეტიციას, რომელიც კამპუსში კირკის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა, 7 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

გამოხმაურება: შემთხვევას საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ში უკვე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი: „ყველამ ჩარლი კირკისთვის უნდა ვილოცოთ, საოცარი ადამიანისთვის,“ — წერს დონალდ ტრამპი.

  • ამერიკელებს ლოცვისკენ მოუწოდა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმაც.

  • გამოძიების მიმართ განსაკუთრებული ყურადღების შესახებ განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კეშ პატელმა.

  • მომხდარი დაგმეს კირკის პოლიტიკურმა ოპონენტებმა, მათ შორის კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმაც.

კონტექსტი: ჩარლი კირკი ამერიკაში პოპულარული ახალი, მემარჯვენე მედია ეკოსისტემის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა. ის კონსერვატიული მობილიზების ახალგაზრდული ცენტრის — Turning Point U.S.A.-ის დამფუძნებელია.

  • სწორედ ამ ორგანიზაციის ეგიდით ტარდება კირკის პოპულარული შეხვედრები საუნივერსიტეტო კამპუსებში უკვე რამდენიმე წელია.

  • კომენტატორების ცნობით, ჩარლი კირკმა დიდი როლი შეასრულა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპისთვის ახალგაზრდა ელექტორატის მობილიზებაში.

  • მისი YouTube-პოდკასტი, The Charlie Kirk Show, დონალდ ტრამპის ღია მხარდამჭერად პოზიციონირებს და ხშირად აკრიტიკებს არა მხოლოდ მოწინააღმდეგე ბანაკის პოლიტიკოსებს, არამედ რესპუბლიკელებსაც, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა არ ეთანხმებოდნენ დონალდ ტრამპს.

მსგავსი სიახლეები