კალასი: რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა

14 იანვარს მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმით რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა. ეს განცხადება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა Twitter-ზე 15 იანვარს გააკეთა.

"დნიპროსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე თავდასხმით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ტერორისტული სახელმწიფოა. ჩემი მოწოდება მოკავშირეებსა და პარტნიორებს: მოდით გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. უკრაინას სჭირდება იარაღი, მათ შორის ტანკები და საჰაერო თავდაცვა. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ყველა ჩადენილ დანაშაულზე", - წერს ის.

14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიას, მათ შორის ქალაქ დნიპროს, რაკეტებით რამდენჯერმე შეუტია. ზოგიერთი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის შესასვლელი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ დაინგრა 72 და დაზიანდა 230-ზე მეტი ბინა. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაიღუპა 29 ადამიანი, დაიჭრა - 73 და 40-ზე მეტის ბედი უცნობია.

მსგავსი სიახლეები