მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად კენჭს მეორე ვადით იყრის

 

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს მეორე ვადით იყრის.

3 მარტს გამოქვეყნებულ წერილში საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანგებს ხელახალი მანდატისთვის ნდობის გამოცხადებას სთხოვს.

"გასული ხუთი წლის განმავლობაში მრავალი განსაცდელის გავლა მოგვიწია. ტერორიზმი, პანდემია, ძალადობის დაბრუნება, ომი ევროპაში. საფრანგეთს ამდენ კრიზისთან გამკლავება იშვიათად თუ უწევდა", - წერს მაკრონი.

ფრანგებისადმი მიმართვაში მაკრონმა აღიარა, რომ მმართველობის პირველ ხუთ წელში ყველა დაპირების შესრულება ვერ შეძლო.

"ეჭგვარეშეა, რომ უკვე შეძენილი გამოცდილების ფონზე, ბევრ რამეს განსხვავებულად გავაკეთებდი", - ამბობს 44 წლის პრეზიდენტი.

თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში განცდილი კრიზისები გვიჩვენებს, რომ სწორ გზას ვადგავართ - ვკითხულობთ წერილში.

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საფრანგეთის ყველა შვილს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს“, - აცხადებს მაკრონი.

საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 4 თებერვალს იწურებოდა.

მაკრონს, სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების მსგავსად, 500 არჩეული თანამდებობის პირის ხელმოწერის წარდგენა მოუწევს.

საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის ბოლო კვლევით, არჩევნების პირველ ტურში მოქმედ პრეზიდენტს მხარს ფრანგების 28 პროცენტი უჭერს.

მაკრონს ჩვიდმეტი პროცენტით ეროვნული გართიანების ლიდერი მარინ ლე პენი მოსდევს.

2017 წელს მაკრონმა ლე პენი არჩევნების მეორე ტურში ხმათა 66 %-ით დაამარცხა.

 


თქვენთან ერთად

"თქვენთან ერთად" - მოქმედი პრეზიდენტის საპრეზიდენტო მარათონი ამ ლოზუნგის ქვეშ გაიმართება.

მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, მაკრონი ფრანგებს ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებას ჰპირდება.

საფრანგეთის ლიდერი გადასახადების კიდევ უფრო შემცირებას და ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნას აპირებს.

მაკრონს საფრანგეთის მაღალტექნოლოგიურ სექტორებში - ბირთვული მრეწველობა, ციფრული ეკონომიკა, კოსმოსური კვლევები - ინვესტიციების ჩადება სურს.

"ეს ჩვენ დიად ეკოლოგიურ ერად გვაქცევს" - წერს მაკრონი. 

მაკრონს საპრეზიდენტო კამპანიის ჩასატარებლად 38 დღე რჩება.

მსგავსი სიახლეები