მემორანდუმს რუსეთი უახლოეს დღეებში წარადგენს, ვატიკანში შეხვედრის ბედი გაურკვევლია

ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმის პირობებს უკრაინა რუსეთისგან უახლოეს დღეებში მიიღებს, თუმცა კვლავ გაურკვეველია შედგება, თუ არა დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული პირდაპირი მოლაპარაკებები ვატიკანში. 

State Of Play: რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, კონსტანტინ კოსაჩოვის თქმით, მემორანდუმზე მუშაობა ფინალურ ეტაპზეა და დოკუმენტს კიევი ტყვეთა გაცვლის (1000x1000) დასრულების შემდეგ მიიღებს. 

  • კოსაჩოვი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა მემორანდუმის პუნქტები გასაჯაროვდეს, რადგანაც მოლაპარაკებების პროცესი "რთული და დელიკატურია"

  • 23 მაისს მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრმა - სერგეი ლავროვის თქმით, კიევი სამშვიდობო მემორანდუმის პირობებს ტყვეთა გაცვლის დასრულების შემდეგ მიიღებს. 

  • რუსეთსა და უკრაინას შორის უკვე შედგა გაცვლის 2 ეტაპი, რის შედეგადაც სამშობლოში თითქმის 700 უკრაინელი დაბრუნდა, მათი უმეტესობა სამხედრო ტყვეა. სავარაუდოა, რომ გაცვლის მესამე ეტაპი ხვალ, 25 მაისს შედგება. 

Big Picture: ტყვეთა გაცვლა მხარეებს შორის 16 მაისს, სტამბოლში გამართული შეხვედრის ერთადერთი ხელშესახები შედეგია. რაც შეეხება ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმს - ეს ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული რიგით მესამე სატელეფონო საუბრის შედეგია. 
 

  • საუბრის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ იწყებდნენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და რომ რუსეთი წარმოადგენდა სამშვიდობო მემორანდუმის მისთვის მისაღებ ვერსიას. 

  • ამავე პოსტში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შესაძლო ადგილად დონალდ ტრამპმა ვატიკანი დაასახელა. მალევე მოლაპარაკებების მასპინძლობის მზაობის შესახებ განაცხადეს ვატიკანშიც - "დატანჯული უკრაინა ელოდება მყარ, სამართლიან მშვიდობას"- განაცხადა ლეო მეთოთხმეტემ ინტრონიზაციის გამოსვლაში. 

  • დასავლური მედია წერდა, რომ დონალდ ტრამპი ვატიკანში მარკო რუბიოსა და კიტ კელოგის გაგზავნას აპირებს - მიუხედავად ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვატიკანში მოლაპარაკებებია ნაკლებად რეალისტურია.

  • "ეს ცოტათი არაელეგანტურია, როდესაც 2 მართმადიდებელი ქვეყანა კათოლიკურ მოედანზე განიხილავს კონფლიქტის პირველადი მიზეზების მოგვარების საშუალებებს"- განაცხადა ლავროვმა. 

Context: Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ვატიკანში მოლარაპაკებები შესაძლოა მომდევნო კვირიდან გაიმართოს, 26 მაისი - 1 ივნისის შუალედში. გამოცემის ცნობით, შეხვედრის ირგვლივ კვლავ ბევრი ბუნდოვანებაა, რადგანაც მოლაპარაკებებისთვის საუკეთესო ადგილად კრემლი სტამბოლს მიიჩნევს. 

  • სავარაუდოა, რომ რუსეთის მიერ უკრაინისთვის გადასაცემ პირობები კვლავ მაქსიმალისტური იქნება და გაიმეორებს რუსული დელეგაციის მიერ სტამბოლში წარდგენილ პუნქტებს - ამაზე მეტყველებს კრემლის საჯარო განცხადებები. 

Go Deeper: დიპლომატიის მოლოდინში კრემლი ზელენსკის არალეგიტიმურობასა და ბუფერულ ზონაზე საუბრობს

 

მსგავსი სიახლეები