მინიმალური მაჩვენებელი აპრილიდან - რუსეთის წინსვლის ტემპი უკრაინაში შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში გაგრძელდა უკრაინაში საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპის შემცირების ტენდენცია — ფრონტის უმეტეს მონაკვეთზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვითარების სტაბილიზაცია მოახერხეს.

ვითარების არსი: ამის შესახებ უკრაინული OSINT-პროექტის Deep State-ის მონაცემების ანალიზი მეტყველებს.

  • გასულ კვირას საოკუპაციო არმიამ 38 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, რაც მიმდინარე წლის აპრილიდან მოყოლებული მინიმალური მაჩვენებელია.

  • ამასთანავე, დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ რუსეთის იერიში ჯერ კიდევ გრძელდება და ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე ისინი წინსვლასაც ახერხებენ.

ჩაშლილად: გასული კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი ტერიტორია საოკუპაციო არმიამ დონეცკის ოლქის სამხრეთში დაიკავა. შედარებით მცირეა — დაახლოებით 9 კვადრატული კილომეტრი ჯამურად — რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიის მოცულობა ლიმანის, ხარკივისა და კუპიანსკის შემოგარენში.

  • პარალელურად გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევებიც, რომლის შედეგადაც გასულ კვირას უკრაინელმა მებრძოლებმა ქალაქ პოკროვსკის ირგვლივ 3, ხოლო სუმის ოლქში დაახლოებით 7 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

 

სტრიქონებს შორის: დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ფრონტზე შექმნილი ვითარება მეტყველებს, რომ უმეტეს მონაკვეთზე უკრაინელებმა ვითარების სტაბილიზაცია შეძლეს — გამონაკლისი ლიმანისა და დონეცკის ოლქის სამხრეთ მიმართულებაა.

  • მათი შეფასებით, ვითარების სტაბილიზაცია ZSU-ს მოიერიშე დანაყოფების მიერ კარგად ორგანიზებული კონტრშეტევების შედეგია.

  • არაერთი სამხედრო ექსპერტის თქმით, რუსეთის გენშტაბმა არასწორად განსაზღვრა სამხედრო დაჯგუფების მოცულობა, რომელიც პოკროვკა-მირნოჰრადის აგლომერაციის დასაკავებლად იქნებოდა საჭირო.
  • ამაზე მეტყველებს გასულ კვირებში რუსეთის გენშტაბის მიერ განხორციელებული გადაადგილებები — გასულ დღეებში სუმის ოლქში მოქმედი რამდენიმე ქვედანაყოფი პოკროვსკის ირგვლივ გადაისროლეს.

  • ამასთანავე, OSINT-ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ დონეცკის ოლქში გადასროლილი შენაერთების დიდი ნაწილი ჯერ ბრძოლის ველზე არ გამოჩენილა. საუბარია მათ შორის საზღვაო-ქვეით და საჰაერო-სადესანტო ძალების ელიტურ ქვედანაყოფებზე.
  • არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ელიტური ნაწილების გამოყენებით რუსეთი უახლოეს კვირებში შეეცდება გაარღვიოს ფრონტი ქალაქ პოკროვსკსა და კონსტანტინოვკას შორის.

კონტექსტი: წინსვლის ტემპის საგრძნობი კლების მიუხედავად, კრემლი ცდილობს დასავლეთში მისი არმიის გადამწყვეტი გარღვევისა და უკრაინული ფრონტის გარდაუვალი ჩამოშლის აზრი დაამკვიდროს.

  • ამ სურვილზე მიუთითებდა ზაფხულის მიწურულს გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მიერ წარდგენილი ანგარიში, რომელშიც მარტიდან მოყოლებული საოკუპაციო არმიის მიერ დაკავებული ტერიტორიის მოცულობა 1/3-ით აღემატებოდა ნამდვილ მაჩვენებელს.

მსგავსი სიახლეები