მოსამართლემ თეთრ სახლში საზეიმო დარბაზის მშენებლობის პროექტი დროებით შეაჩერა
აშშ-ს სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თეთრ სახლში საზეიმო დარბაზის მშენებლობის პროექტი დროებით შეაჩერა. სასამართლოს დადგენილებით, სამუშაოების დაწყებამდე სათანადო პროცედურები დაცული არ ყოფილა.
ვითარება: სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა ფონდმა“ თეთრ სახლს უჩივლა.
- „სანამ კონგრესი პროექტს საკანონმდებლო უფლებამოსილებით არ დაამტკიცებს, მშენებლობა უნდა შეჩერდეს!" - ნათქვამია მოსამართლე რიჩარდ ლეონის განჩინებაში, რომელშიც BBC-ის ცნობით, არაერთი ძახილის ნიშანი ეწერა.
დონალდ ტრამპი არ დაეთანხმა მოსამართლის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დარბაზის მშენებლობაზე კონგრესის თანხმობაა საჭირო და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, საზეიმო დარბაზის მშენებლობა "ძალიან მდიდარი ადამიანებისა და კომპანიების" კერძო შემოწირულობებით ხორციელდებოდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ არსებული პირობები შეუფერებელია ისეთი მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად, როგორიცაა მაგალითად, მეფე ჩარლზ III, რომელიც ვაშინგტონს მომავალ თვეში ეწვევა.
დეტალები: მოსამართლის განჩინებაში, რომელიც 35-გვერდიანია, ასევე ეწერა, რომ ამერიკის პრეზიდენტი თეთრი სახლის მმართველია, თუმცა არ არის მისი მფლობელი.
- „დავასკვენი, რომ ეროვნული ფონდი, დიდი ალბათობით, წარმატებას მიაღწევს, რადგან არ არსებობს არცერთი კანონი, რომელიც პრეზიდენტს მის მიერ მითითებულ უფლებამოსილებას თუნდაც მიახლოებით ანიჭებს.“ - წერია გადაწყვეტილებაში.
დადგენილების თანახმად, პროექტის გასაგრძელებლად კონგრესის თანხმობაა აუცილებელი.