“სტერილური და გაპრიალებულია” - ნავალნის ექსპერტიზის დეტალები გამოქვეყნდა
ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა(ФБК), გარდაცვლილი პოლიტიკოსის ექსპერტიზის მასალების ნაწილი გამოაქვეყნა. ფონდში მიაჩნიათ, რომ საბუთები რუსი ოპოზიციონერის სიკვდილის ნამდვილ მიზეზს არ ასახავს.
ჩაშლილად: ნავალნის უახლოესმა თანამებრძოლმა და ФБК-ს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა, მარია პევჩიხმა, 2024 წლის ზაფხულში შედგენილი, ოფიციალური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 289-გვერდიანი დასკვნიდან ფრაგმენტები გამოაქვეყნა.
- "ექსპერტების აზრით, წარმოდგენილი საბუთები არ შეესაბამება კრემლის ნარატივს "ბუნებრივი სიკვდილის" შესახებ". - წერს პევჩიხი.
- ექიმ-რეანიმატოლოგ ალექსანდრ პოლუპანის აზრით, გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით, ექიმების ოფიციალური დასკვნა რეალურ სურათს არ შეესაბამება.
- რუსული სპეცსამსახურების მიერ ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამლვის შემდეგ, ოპოზიციონერს სწორედ პოლუპანი მკურნალობდა.
- "ამ დასკვნის საფუძველზე მოწამლვის დამტკიცება შეუძლებელია, თუმცა საბუთი ოფიციალური ვერსიის უარყოფის საბაბს იძლევა". - მიაჩნია პოლუპანს.
- პოლუპანის მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ნავალნის კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში მრავლობითი სისხლჩაქცევები ჰქონდა, რაც ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება. მსგავს კვალს ორგანიზმში ძლიერი მოწამლვა ტოვებს.
- პევჩიხის თქმით, მის ორგანიზაციას დასკვნა დიდი ხნის წინ აქვს მოპოვებული და არაერთი დასავლელი ექსპერტის აზრით, დოკუმენტი "სტერილური და გაპრიალებულია".
- ნავალნის თანამებრძოლმა დასკვნის გამოქვეყნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კულუარულად შეიტყო, რომ საბუთების გამოქვეყნებას მედიები აპირებდნენ.
წინარე ისტორია: ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს, პატიმრობაში გარდაიცვალა.
- ხელისუფლების მტკიცებით, ნავალნი "ბუნებრივი სიკვდილით" გარდაიცვალა.
- 2025 წლის სექტემბერში ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი ქმარი პუტინის ბრძანებით მოწამლეს. ნავალნაიას თქმით, მის ხელთ არის კოლონიის თანამშრომლების ჩვენებები და ორ ქვეყანაში გაკეთებული ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც ნავალნის მკვლელობას ადასტურებს.
- 2026 წლის თებერვალში გაერთიანებულმა სამეფომ, შვედეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ლაბორატორიული კვლევების საუფძველზე განაცხადეს, რომ ნავალნი ნივთიერება ეპიბატიდინით არის მოწამლული.