ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ ნატო კიევისთვის 6 Patriot-ის სისტემას მოიძიებს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია ცდილობს ნატოს ქვეყნებში კიდევ ექვსი საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot იპოვოს, რომლის გადაცემასაც უკრაინას ის ადრე დაჰპირდა.

ამის შესახებ შოლცმა 18 აპრილს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შოლცმა აღნიშნა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მიწოდების აუცილებლობა, რათა დაიცვას უკრაინის ქალაქები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან.

"ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. მას სჭირდება მკაფიო სიგნალი, რომ ეს გაგრძელდება დიდი ხნის განმავლობაში და მუდმივად. და ეს არის ჩვენი ძალისხმევის მიზანიც, რათა უზრუნველვყოთ საკმარისი რაოდენობის იარაღის, არტილერიისა და საბრძოლო მასალის მიწოდება," - თქვა მან.

გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ გერმანია არის ქვეყანა, რომელმაც "ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა" უკრაინის საჰაერო თავდაცვაში, რადგან მან ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი, უკვე მესამე, Patriot-ის სისტემის გადაცემაზე განაცხადა.

"ჩვენ გავიგეთ, რომ ახლა კიდევ შვიდი სისტემა უნდა იყოს (Patriot - რედ.). მათგან ერთი ჩვენია. და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ექვსი მოიძებნება ნატოს კონტექსტში. და მე კიდევ ვისარგებლე შესაძლებლობით, რათა ამ საკითხზე მესაუბრა." - თქვა შოლცმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ადრე განაცხადა, რომ უკრაინამ მოკავშირე ქვეყნებში 100 საჰაერო თავდაცვის სისტემა გამოავლინა და უკრაინის ქალაქების დასაცავად მინიმუმ შვიდის გადაცემა მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები