კვლევა: სანდუს პარტია - 29.7%, დოდონის პრო-რუსული ბლოკი - 13.2%

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტია "მოქმედება და სოლიდარობა" (PAS) ქვეყნის მასშტაბით პოპულარობით ლიდერობს, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის შექმნისთვის საკმარისი მანდატების მოპოვებას ვერ ახერხებს.

ვითარების არსი: კომპანია CBS Research-ის მიერ 6-დან 13 სექტემბრამდე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სანდუს პარტია საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს დაიკავებდა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის შექმნას ვერ შეძლებდა.

  • კვლევის თანახმად, PAS-სთვის ხმის მიცემას ამომრჩეველთა 29.7% აპირებს.
  • მეორე ადგილს დაიკავებდა პრო-რუსი ექს-პრეზიდენტის, იგორ დოდონის "პატრიოტული ბლოკი" 13.2%-ით, მესამეს კი – რენატო უსატის "ჩვენი პარტია" - 7.5%.
  • დანარჩენი პოლიტიკური ძალები, მათ შორის ბლოკი "ალტერნატივა", ბარიერს ვერ გადალახავენ.
  • ამავდროულად, გამოკითხულებს შორის ყველაზე დიდი ჯგუფი გადაუწყვეტელი ამომრჩევლები არიან - 26.8%.
  • გარდა ამისა, 5.5%-მა უპასუხა, რომ არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.

სტრიქონებს შორის: CBS Research-მა კვლევის ფარგლებში 1127 ადამიანი გამოკითხა, მაქსიმალური ცდომილება კი 2.9%-ს შეადგენს.

  • მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდება და ის ქვეყნის საგარეო კურსისთვის გადამწყვეტი იქნება.
  • პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოსკოვი უპრეცედენტო ჩარევას ამზადებს ამომრჩეველთა მოსყიდვის, დეზინფორმაციის, კიბერშეტევების და ა.შ. დახმარებით.
  • სანდუმ აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული ძალების გამარჯვების შემთხვევაში, მოლდოვა შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენონ.
  • "ჩვენ დავკარგავთ 2030 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების შანსს. სერიოზული რისკი გაჩნდება, რომ მოლდოვა შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, როცა მას მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს, ეს კი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის დიდ რისკებს შექმნის," - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები