პენტაგონი: ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკვე კურსკის ოლქში არიან

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის "რამდენიმე ათასი" სამხედრო რუსეთის კურსკის ოლქში მიემართა, მათი გარკვეული რაოდენობა უკვე ადგილზეა. 

რაიდერის თანახმად, ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს დიდი ალბათობით კურსკის ოლქში, უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენებენ - "ბრძოლებში ან საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერისთვის კურსკში უკრაინის ჯარების წინააღმდეგ".

29 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუკი ისინი გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, უკრაინამ მათზე იერიში უნდა მიიტანოს.

28 ოქტომბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო შენაერთები შევიდნენ კურსკის ოლქში. მან მოვლენების ასეთ განვითარებას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის „მნიშვნელოვანი ესკალაცია“ უწოდა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მიანიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „საგონებელშია ჩავარდნილი“ იმის გამო, რომ ომში „რუსეთის 600 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა“. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ნატომ რუსეთში ჩრდილოკორეელ სამხედროთა გაგზავნა დაადასტურა.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთი კორეა რუსეთში ჯარების გაგზავნას აპირებს ან უკვე გააკეთა ეს. მანამდე გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოეთი კორეა რუსეთს იარაღს და საბრძოლო მასალას აწვდიდა, რასაც მოსკოვიც და ფხენიანიც უარყოფენ.

მსგავსი სიახლეები