რეზნიკოვი: რუსები ბახმუტთან დღეში ბატალიონს კარგავენ

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან რუსული არმიის დანაკარგების საერთო რაოდენობა, მათ შორის დაღუპულები და დაჭრილები, დაახლოებით 70 ათასი ჯარისკაცია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ-ამერიკულ ფორუმზე განაცხადა.

"ჩვენი შეფასებით, ისინი [რუსები] იქ დღეში ერთ ბატალიონს კარგავენ და ასე აგრძელებენ", - თქვა რეზნიკოვმა.

მან აღნიშნა, რომ ბახმუტის დამცველები ამცირებენ რუსების შემტევ პოტენციალს და ამით ხელს უშლიან მათ შეტევაზე გადასვლას ფრონტის სხვა სექტორებში.

"თუ დავთვლით, ვფიქრობ, რუსებმა მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით 70 ათასამდე ზარალი განიცადეს, ვგულისხმობ დაღუპულებს და დაჭრილებს", - განაცხადა მინისტრმა.

16 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკანასკნელ დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის ირგვლივ 20 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

ამასთანავე, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახმუტის შემოგარენში 2 რუსი პოლკოვნიკი მოკლეს.

მსგავსი სიახლეები