რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა

8 მაისს, დილით, რუსეთმა, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კომბინირებული საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ მცირე 3 თბოელექტროსადგური დაზიანდა. 

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, მტერმა ჯამში 76 საჰაერო საშუალება გამოიყენა:

  • 45 ერთეული ფრთოსანი რაკეტა (X-101/X-555)
  • 2 ერთეული ფრთოსანი რაკეტა (X-59/X-69)
  • 2 ერთეული ბალისტიკური რაკეტა (Iskander-M)
  • 1 ერთეული ფრთოსანი რაკეტა (Iskander-K)
  • 4 ერთეული ფრთოსანი რაკეტა (kalibr)
  • 1 ერთეული აერობალისტიკური რაკეტა (X-47m2 Kinzhal)
  • 21 ერთეული კამიკაძე დრონი (Shahed-131/136) 

საჰაერო სარდლობის განცხადებით, უკრაინის საბრძოლო ავიაციით, საზენიტო სისტემებით, მობილური საცეცხლე ჯგუფებითა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით 59 საჰაერო საშუალების მოგერიება მოხერხდა. 

"კიდევ ერთი მასირებული შეტევა ჩვენს ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე!" - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან ჰალუშჩენკომ.

2 ადამიანი დაშავდა კიევში და 1 კიროვგრადის რეგიონში, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით. "საჰაერო იერიშის მიერ გამოწვეულ დაზიანებებთან ბრძოლაში 350 მაშველია ჩართული. დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლი, საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებები, მანქანები და სახანძრო სადგური" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ჰალუშჩენკოს განცხადებით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და გადამცემი სისტემები დაზიანდა პოლტავის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ლვივის, ივანო-ფრანკივსკისა და ვინიცის ოლქებში.

კონტექსტი

რუსეთი, 2024 წლის დასაწყისიდან, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სისტემატიურ საჰაერო იერიშებს ახორციელებს.  უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ბოლო თვეებში რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინდუსტრიას ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი მიაყენა.

 

მსგავსი სიახლეები