რუსეთში 10 წლის განმავლობაში პირველად ფერმერებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს

რუსეთში 10 წლის განმავლობაში პირველად ფერმერებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

ჩაშლილად: ნოვოსიბირსკის ოლქში უკვე რამდენიმე დღეა ფერმერების საპროტესტო აქცია გრძელდება.

  • მოსახლეობის უკმაყოფილება ადგილობრივი ვეტერინარული სამსახურის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

  • ვეტერინარული სამსახურის თქმით, რეგიონში პასტერელეზის ეპიდემიაა, რის გამოც აუცილებელია დაავადებული მსხვილი რქოსანი საქონლის განადგურება.

  • ადგილობრივების თქმით, რეგიონის ადმინისტრაციას სასაკლაოზე ჯანმრთელი ცხოველები მიჰყავთ.

ახლო ხედით: დაავადების პირველი კერები მიმდინარე წლის თებერვალში გაჩნდა, მარტში სახელმწიფო სტრუქტურებმა კერძო ფერმების ნაწილში კარანტინი გამოაცხადეს და საქონელის ნაწილი სასაკლაოზე წაიყვანეს.

  • საპროტესტო მოძრაობის ცენტრი სოფელი კოზიხა გახდა. მოსახლეობამ ვიდეოები გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებს, რომ საქონელი დაავადებული არ არის.

  • სოფლის მოსახლეობამ საქონლის სასაკლაოზე მიმავალ ტრაქტორს გადაუკეტა გზა. საპასუხოდ, ადგილზე სამართალდამცავები მოვიდნენ, ისინი აქციის მონაწილეებს დაშლით დაემუქრნენ. საბოლოოდ პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, რომელიც პატიმრობიდან მეორე დღეს გამოუშვა.

  • მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს სასამართლო ორდერები გადასცეს. ორდერებში წერია, რომ მანიფესტაცია უკანონოა.

  • პროტესტი იზრდება, 2 დღეში კოზიხას მომიტინგეებს კიდევ ოთხი სოფლის მოსახლეობა შეუერთდა.

დიდი სურათი: რუსეთში ფერმერების უკანასკნელი მსხვილი საპროტესტო აქციები 2016 წელს გაიმართა.

  • მაშინ კრასნოდარის მხარის ფერმერებმა ტრაქტორებით მარში მოაწყვეს.

  • ფერმერები კორუფციას და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მოტყუების ფაქტებს აპროტესტებდნენ.

  • 17 ტრაქტორისგან შემდგარი კოლონა როსტოვის მიმართულებით დაიძრა. როსტოვის ოლქში ფერმერებს გზა გადაუკეტეს, ხოლო მარშის მონაწილე 40-ვე ადამიანი დააკავეს, მოგვიანებით 16 მომიტინგე გაასამართლეს და ფულადი ჯარიმები დაუწესეს.

მსგავსი სიახლეები