სამხრეთ კორეა: უკრაინაში 2000 ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო დაიღუპა

სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (NIS) მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთში გაგზავნილი დაახლოებით 2000 სამხედრო დაკარგა.
არსებული ვითარება: ასეთი შეფასება NIS-მა პარლამენტის დაზვერვის კომიტეტისთვის გამართულ დახურულ ბრიფინგზე გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციას 2 სექტემბერს, სამხრეთ კორეული სააგენტო Yonhap, სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის ორ დეპუტატზე დაყრდნობით ავრცელებს.
- ერთ-ერთი მათგანის თქმით, ჩრდილოეთ კორეა აცხადებდა, რომ მისი ძალების გაგზავნის პირველი და მეორე ეტაპების დროს დაახლოებით 350 სამხედრო დაიღუპა.
- აპრილში NIS-მა საპარლამენტო კომიტეტისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სულ მცირე 600 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა. ახლა ეს შეფასება 2000-მდეა გაზრდილი, სხვა ქვეყნებთან ერთად "ყოვლისმომცველი ანალიზის" შემდეგ.
დაეწიე ამბავს: 2024 წლის ოქტომბრიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მოქმედებების მხარდასაჭერად დაახლოებით 13 ათასი სამხედრო, ასევე შეიარაღება გაუგზავნა.
- AFP-მა დააზუსტა, რომ კონკრეტულად გააგზავნა საარტილერიო ჭურვები, რაკეტები და შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები.
- NIS-ის შეფასებით, ფხენიანი რუსეთში ძალების გაგზავნის მესამე ეტაპის ფარგლებში დამატებით 6000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამასთან, რუსეთში უკვე ჩავიდა დაახლოებით 1000 ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ინჟინერი.
- ჩრდილოეთ კორეის ძალები "რეზერვის სახით ზურგში" არიან დისლოცირებული.
სტრიქონებს შორის: ჩრდილოეთ კორეელმა კიმ ჩენ ინმა 20 აგვისტოს "კორეის სახალხო არმიის საზღვარგარეთის ოპერატიული ჯარების წამყვანი მეთაურები" მიიღო, რომლებიც კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ და სამშობლოში სახელმწიფო ჯილდოების მისაღებად დაბრუნდნენ.