სანქციების მე-11 პაკეტი: ევროკავშირი რუსეთისთვის ხვრელების ჩაკეტვას აგრძელებს

რეალპოლიტიკამ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის დოკუმენტის სამუშაო ვერსია მოიპოვა.

დოკუმენტი, რომელიც წყარომ რეალპოლიტიკას მიაწოდა, ევროკომისიის მიერაა შემუშავებული და ის ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.

სანქციების ახალი პაკეტის ძირითადი ამოცანა აქამდე დაწესებული შეზღუდვების ეფექტურად აღსრულების უზრუნველყოფაა.

ახალი შესწორებით იკრძალება რუსეთისთვის ინტელექტუალური საკუთრების ან საიდუმლოების ნებისმიერი სახით გადაცემა, ასევე რუსეთის ტერიტორიის გავლით ევროკავშირში ნაწარმოები სამხედრო ან საავიაციო პროდუქციის გადატანა.

ამასთან, შეწორებული დოკუმენტი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს სანქცირებული ტექნოლოგიების სფეროებში რუსულ მხარესთან თანამშრომლობას, იქნება ეს ტექნიკური, ფინანსური თუ ინტელექტუალური დახმარება.

სანქციების ახალი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი პორტებს ეთმობა. მისი ამოქმედების შემთხვევაში, ევროკავშირის ფარგლებში პორტებს აეკრძალებათ ისეთი ხომალდების მიღება, რომლებიც სანქცირებული პროდუქციის გადატანაში იქნებიან შემჩნეულნი.

გარდა ამისა, 2023 წლის 30 სექტემბრიდან ევროკავშირი აკრძალავს მესამე ქვეყნებიდან რკინისა და ფოლადისგან დამზადებული ისეთი პროდუქტების იმპორტს, რომლების საწარმოებლად გამოყენებული იქნება რუსული რკინა ან ფოლადი.

სანქციების ახალი პაკეტი გამონაკლისებს დაუშვებს კასპიის მილსადენისათვის. კასპიის მისლადენი 1500 კილომეტრზეა გაჭიმული ყახაზეხითან რუსეთამდე. კონსორციუმის წევრები, რუსულ და ყაზახურ მხარესთან ერთად, ამერიკული შევრონი, ექსონი და ბრიტანული შელი არიან.

ევროკავშირი მზადაა, გარკვეული პირობებით დაუშვას მილსადენის შენახვისა და შეკეთებისთვის საჭირო ევროპული საქონლისა და ტექნოლოგიის გამოყენება.

სანქციების მე-11 პაკეტის დოკუმენტი, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა, 5 მაისით თარიღდება. ევროკომისიამ დოკუმენტი უკვე გადაუგზავნა წევრ სახელმწიფოებს. პაკეტის საბოლოოდ დასამტკიცებლად ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. მე-11 პაკეტის მიღების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, მომდევნო კვირაში იქნება მიღებული.

 

მსგავსი სიახლეები