სი ძინფინგი: ჩინეთის 'დიდი რენესანსი' და MAGA შეიძლება გვერდიგვერდ არსებობდეს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი, პეკინში გამართული შეხვედრებისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ, სახელმწიფო ბანკეტზე მივიდნენ.

ვითარების არსი: სი ძინფინმა ბანკეტზე სიტყვით გამოსვლა ოპტიმისტური ტონით დაიწყო: "ჩინეთისა და შეერთებული შტატების ხალხი დიდი ერებია. ჩინელი ერის დიდი რენესანსის მიღწევა და ამერიკის კვლავ დიდებულად ქცევა (Make America Great Again) შეიძლება გვერდიგვერდ განხორციელდეს," - აღნიშნა მან და გამოიყენა როგორც კომუნისტური პარტიის ცნობილი ლოზუნგი, ისე ტრამპის მთავარი ფრაზა.

  • "ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს წარმატების მიღწევაში და მთელი მსოფლიოს კეთილდღეობის წინსვლაში," - მიმართა მან დარბაზს.
  • სიმ ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთპატივისცემა არის "გადამწყვეტი იმისთვის, შეძლებს თუ არა ურთიერთობა სტაბილურ განვითარებას."
  • მისი თქმით, მსოფლიო ცვალებადი და ტურბულენტურია, აშშ-ჩინეთის ურთიერთობა კი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში მცხოვრებ 1.7 მილიარდ ადამიანზე, არამედ მსოფლიოს 8 მილიარდზე მეტ მცხოვრებზე. სი ძინფინგმა დასძინა, რომ ორივე მხარე უნდა "ამაღლდეს" ამ პასუხისმგებლობამდე.

სტრიქონებს შორის: ტრამპისადმი მიმართულ სადღეგრძელოში ჩინეთის ლიდერმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობას მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა და ორივე მხარე გააფრთხილა, რომ ის არასოდეს უნდა გააფუჭონ:

  • "დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და მე სიღრმისეულად მიმოვიხილეთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები, საერთაშორისო და რეგიონული დინამიკა. ჩვენ ორივეს გვჯერა, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობაა. ჩვენ ის უნდა ავამუშაოთ და არასოდეს გავაფუჭოთ. თანამშრომლობით ორივე ქვეყანა იგებს, ხოლო დაპირისპირებით - აგებს. ჩვენი ქვეყნები უნდა იყვნენ პარტნიორები და არა მეტოქეები." - აღნიშნა მან.
  • ჩინეთის ლიდერმა ასევე დაამატა, რომ ტრამპთან ერთად შეთანხმდა სტრატეგიული სტაბილურობის კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, რაც მსოფლიოს მეტ მშვიდობას, პროგრესსა და კეთილდღეობას მოუტანს.

კონტექსტი: 14 მაისს, დონალდ ტრამპი ჩინეთის დედაქალაქ პეკინს ეწვია. აშშ-ს ლიდერს ჩინეთის დედაქალაქში სამხედრო პატივით დახვდნენ. ტრამპმა და სიმ ერთმანეთს ხელი ტელეკამერების წინ ჩამოართვეს "სახალხო ყრილობათა დარბაზში" - ჩინეთის პარლამენტის გრანდიოზულ შენობაში, რომელიც ტიანანმენის მოედანზე მდებარეობს.

  • სი ძინფინგმა ტრამპი გააფრთხილა, რომ ტაივანი არის "ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში" და მისმა არასწორმა მართვამ შესაძლოა "ძალიან სახიფათო მდგომარეობა" შექმნას.
  • ირანის კონფლიქტი და მის გამო შექმნილი გლობალური ენერგეტიკული კრიზისი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ტრამპი და სი შეთანხმდნენ, რომ ნავთობით ვაჭრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე "ღია უნდა დარჩეს."
  • სი ძინფინგმა მიიღო ამერიკელი ბიზნესმენები, რომლებიც ტრამპს ვიზიტისას ახლდნენ. ტრამპმა აღნიშნა, რომ კომპანიების ხელმძღვანელები, მათ შორის ტიმ კუკი და ილონ მასკი, ჩინეთში "პატივისცემის გამოსახატად" და ბიზნესის განსავითარებლად ჩავიდნენ.

მსგავსი სიახლეები