თელ-ავივში პენსიაზე გასული სამხედროები ნეთანიაჰუს ომის პოლიტიკას აპროტესტებენ

12 აგვისტოს, თელ-ავივში, ისრაელის საჰაერო ძალების პენსიაზე გასულმა თანამშრომლებმა და რეზერვისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას ღაზაში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და „ჰამასის“ მიერ ტყვეობაში მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

„ნუ გასწირავთ ჩვენს შვილებს სიკვდილისთვის,“ – აცხადებდნენ ისრაელის არმიის შტაბ-ბინის წინ შეკრებილი დემონსტრანტები.

აქციის მონაწილეების თქმით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებები ღაზის სრულად დაკავებისა და „ჰამასისგან“ გაწმენდის შესახებ დემაგოგიურია და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას არ ემსახურება.

„ღაზაში დარჩენილი ‘ჰამასის’ უკანასკნელი მებრძოლები, რომლებიც 22-თვიანი ბრძოლისა და მათი მთელი სარდლობის განადგურების შემდეგ ღაზის სექტორის მხოლოდ 25%-ს აკონტროლებენ, ისრაელისთვის გაცილებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ, ვიდრე ლიბანში მოქმედი ‘ჰეზბოლა,’ რომელთანაც მთავრობა დღემდე ინარჩუნებს შეთანხმებას,“ – Le Monde-თან საუბარში განაცხადა ყოფილმა სამხედრო პორანმა.

დემონსტრანტების აზრით, ნეთანიაჰუ ღაზაში ომს პოლიტიკური მიზნებით ახანგრძლივებს და ცდილობს, ძალაუფლებაში დარჩეს. მაგალითად მოჰყავთ 7 ოქტომბრის თავდასხმამდე ინიცირებული მართლმსაჯულების რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

"ნეთანიაჰუ თავს დიქტატორად მიიჩნევს, იგი ყველაფერზე წავა, რათა ძალუფლება შეინარჩუნოს" - ამბობს უმი არადი, ყოფილი მფრინავი, რომელიც 1973 წლის იომ კიპურის ომის დროს, ტყვედ ჩავარდა. 

ვეტერანი მფრინავებისა და სამხედროების ამ ჯგუფმა, საპროტესტო დემონსტრაცია აპრილშიც გამართა, მაშინაც, მთავარი მოთხოვნა იგივე იყო - ტყვეების უკან დაბრუნება, თუნდაც საომარი მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს. მისი თქმით, „ჰამასის მიერ დემილიტარიზაციაზე უარის თქმის გამო, ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს და ჰამასის დამარცხება დაასრულოს.“ 

მან აქვე აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზის სექტორის გრძელვადიან ოკუპაციას მიზნად არ ისახავს და მხოლოდ მისი დემილიტარიზება სურს, ხოლო ომის დასრულების შემდეგ, ის მშვიდობიანმა არაბულმა ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს, რომელიც არც „ჰამასთან“ და არც პალესტინის ხელისუფლებასთან იქნება დაკავშირებული.

ომის გახანგრძლივებისა და ღაზის სექტორის სრულად დაკავების სურვილს, კრიტიკა მოჰყვა როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში, ასევე ქვეყნის შიგნით. 

 

მსგავსი სიახლეები