ტრამპის თქმით, ჰამასი და ისრაელი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას დათანხმდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზდენტის თქმით, ჰამასი და ისრაელი მისი სამშვიდობო გეგმის პირველ ნაწილს დათანხმდნენ და მომდევნო კვირიდან დაიწყება ისრაელელი მძევლების გათავისუფლება. 

ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში (Truth) წერს.

  • "ძალიან ამაყი ვარ გაცნობოთ, რომ ჰამასმა და ისრაელმა უკვე მოაწერეს ხელი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ თითოეული მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება, ხოლო ისრაელი გაიყვანს ჯარებს წინასწარ შეთანხმებულ პოზიციებზე"- წერს ტრამპი. 

  • ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი შეთანხმება "ქმედითი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია". ტრამპი მადლობას უხდის მედიატორებს კატარიდან, ეგვიპტიდან და თურქეთიდან. 

  • "კურხეულ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი"- წერს ამერიკელი პრეზიდენტი. 

სტრიქონებს შორის: შეთანხმების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პროგრესს აღწევდა და შესაძლო იყო, საბოლოო ხელმოწერისთვის თავად ჩასულიყო ეგვიპტეში.

  • გასული 24 საათის განმავლობაში, ეგვიპტეში მიმდინარე მოლაპარაკებებს შეუერთდნენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში - სტივ უიტკოფი და მისი სიძე, ჯარედ კუშნერი.

  • წყაროების ცნობით, მძევლების გათავისუფლება მომდევნო კვირიდან უნდა დაიწყოს.

კონტექსტი: ტრამპის მიერ შემუშავებული 21-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა მოიცავს მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის არმიის ნაწილობრივ გაყვანას სექტორიდან და ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმის ამოქმედებას.

  • სავარაუდოდ, გეგმის უფრო რთული პუნქტები - მათ შორის ჰამასის განიარაღება და სექტორის მომავალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება - მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე, უფრო ფართო რეგიონული ფორმატით განიხილება.

მსგავსი სიახლეები